LegalGE
რატომ უნდა დავარეგისტრიროთ სასაქონლო ნიშანი?
დღევანდელ კონკურენტულ ბაზარზე ბრენდის დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. სასაქონლო ნიშანი არ არის მხოლოდ ლოგო ან სახელწოდება, ეს არის თქვენი ბიზნესის იდენტობა, რეპუტაცია და ღირებულება. სწორედ ამიტომ, მისი რეგისტრაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნებისმიერი მეწარმისთვის.
პირველ რიგში, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი გაძლევთ ექსკლუზიურ უფლებას გამოიყენოთ თქვენი ბრენდი კონკრეტულ სფეროში. ეს ნიშნავს, რომ სხვებს აღარ ექნებათ უფლება გამოიყენონ მსგავსი ან იდენტური ნიშნები, რაც ამცირებს მომხმარებლის დაბნევის რისკს და იცავს თქვენს ბიზნესს არასამართლიანი კონკურენციისგან.
სასაქონლო ნიშანს წარმოადგენს: ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც შეტანილია სასაქონლო ნიშნების რეესტრში, ჩამოყალიბებულია ნათლად და მკაფიოდ და აქვს უნარი, ერთი საწარმოს საქონელი ან/და მომსახურება მეორე საწარმოს საქონლისგან ან/და მომსახურებისგან განასხვაოს.
მაგ:


სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა შეიძლება იყოს სიტყვა (სიტყვები), სახელი (სახელები), ასო (ასოები), ციფრი (ციფრები), ბგერა (ბგერები), გამოსახულება, ფერი (ფერები), საქონლის ან მისი შეფუთვის ფორმა.
· სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზანია კონკრეტული ნიშნის (მაგალითად, ლოგოს) დაკავშირება კომპანიის საქმიანობასთან. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ვიზუალურისიმბოლოს საფუძველზე მოახდინოს კონკრეტული კომპანიის, პროდუქტის ან მომსახურებისიდენტიფიცირება.
ამასთან, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სამართლებრივი დაცვა. თუ ვინმე დაარღვევს თქვენს უფლებებს, რეგისტრირებული ნიშანი გაძლევთ საფუძველს, მიმართოთ სასამართლოს და დაიცვათ საკუთარი ინტერესები. რეგისტრაციის გარეშე კი ეს პროცესი გაცილებით რთული და ხშირად ნაკლებად ეფექტურია.
დაინტერესებულ პირებსა და კომპანიის წარმომადგენლებს ვურჩევთ, საქმიანობის დაწყებისთანავე იზრუნონ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე. პროცესი მოიცავს უნიკალური ლოგოს შემუშავებასა და წინასწარ ძიებას იმის დასადგენად, არსებობს თუ არა იმავე კლასში რეგისტრირებული მსგავსი ვიზუალური ნიშანი.
სასაქონლო ნიშანი ზრდის ბრენდის ღირებულებას. ძლიერი და დაცული ბრენდი უფრო სანდოა მომხმარებლებისთვის, ინვესტორებისთვის და პარტნიორებისთვის. დროთა განმავლობაში, ნიშანი შეიძლება იქცეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტივად თქვენი კომპანიისთვის.
რეგისტრაციის საფასური განსაზღვრულია აშშ დოლარში, თუმცა ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
რეგისტრაციის გზით, თქვენ მოიპოვებთ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებულ უფლებასა და იქნებით მისი მფლობელი, რომლის შესაბამისადაც უფლება გექნებათ: აუკრძალოთ მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის:
ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური;
ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;
გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;
დ) იდენტურია ან მსგავსია და რომელსაც საქართველოში აქვს რეპუტაცია, მიუხედავად საქონლის იდენტურობისა ან მსგავსებისა, თუ ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან განმასხვავებელუნარიანობას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება:
ა) სასაქონლო ნიშნის დატანა საქონელზე ან მის შეფუთვაზე;
ბ) ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით;
გ) სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მომსახურების შეთავაზება ან გაწევა;
დ) სასაქონლო ნიშნის გამოყენება რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე;
ე) სასაქონლო ნიშნის საფირმო სახელწოდებად ან მის ნაწილად გამოყენება.
4. სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირს ეკრძალება:
ა) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა საქონლის შეფუთვაზე, ეტიკეტზე, იარლიყზე ან ნებისმიერ სხვა საშუალებაზე, რომელზედაც შესაძლებელია სასაქონლო ნიშნის დატანა;
ბ) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალის, შეფუთვის, ეტიკეტის, იარლიყის ან ნებისმიერი სხვა საშუალების, რომელზედაც დატანილია ეს სასაქონლო ნიშანი, გასაყიდად შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, გასაღება, გასაღებისთვის მომზადება, დასაწყობება, იმპორტი ან ექსპორტი.
გვიამბეთ თქვენი სიტუაცია — ჩვენ სწორ მიმართულებას მოგცემთ.