უცხოელი მუშახელი სამშენებლო ობიექტზე: რა უნდა შეამოწმოს ბიზნესმა 2026 წლის ახალი წესების მიხედვით
სამშენებლო ბიზნესისთვის უცხოელი მუშახელის დასაქმება ხშირად უბრალოდ ერთი თანამშრომლის აყვანას არ ნიშნავს. შეიძლება საქმე გვქონდეს რამდენიმე დასაქმებულთან, მთელ ბრიგადასთან, ქვეკონტრაქტორთან ან უცხოელ სპეციალისტთან, რომელიც კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად რამდენიმე თვით ჩამოდის საქართველოში.
2026 წლის 1 მარტიდან შრომითი საქმიანობის უფლების ახალი წესები ამოქმედდა, ხოლო ივლისის ცვლილებებმა პროცედურა არსებითად შეცვალა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ Worknet-ზე ვაკანსიის წინასწარი განთავსება სავალდებულო ეტაპი აღარ არის. ამ სტატიაში მარტივად განვმარტავთ, რა უნდა გააკეთოს სამშენებლო ბიზნესმა, სად დგას რისკები და რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
შეუძლია თუ არა უცხოელს დაუყოვნებლივ მუშაობის დაწყება?
როგორც წესი, არა. თუ პირი არ მიეკუთვნება კანონით გათვალისწინებულ გამონაკლისს, მისთვის აუცილებელია შრომითი საქმიანობის უფლება და საქართველოში საქმიანობისთვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. საჭიროების შემთხვევაში D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან შესაბამისი ბინადრობის ნებართვა. დასაქმებულ უცხოელთან შრომითი ხელშეკრულება წერილობით ფორმდება ქართულ და მისთვის გასაგებ ენაზე.
გამონაკლისები არსებობს, მათ შორის მუდმივი ბინადრობის მქონე პირებისა და სხვა კანონით განსაზღვრული კატეგორიებისთვის. ამიტომ მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა არ ნიშნავს, რომ ყველა პირისთვის ერთი და იგივე პროცედურაა სავალდებულო.
ცალკე გასათვალისწინებელია გარდამავალი რეგულაცია უცხოელებისთვის, რომლებიც ახალი წესების ამოქმედების მომენტისთვის შრომითი მიგრაციის სისტემაში უკვე იყვნენ აქტიური სტატუსით რეგისტრირებული. ასეთ შემთხვევებში უფლებისა და ბინადრობის მოპოვება 2027 წლის 1 იანვრამდე მოუწევთ. „დოკუმენტები შეტანილია და რამდენიმე დღეში დაიწყებს მუშაობას“ - უსაფრთხო მიდგომა არ არის. შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს პასუხისმგებლობა როგორც უცხოელისთვის, ისე დამსაქმებლისთვის. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა 2,000 ლარია თითოეულ უცხოელზე.
რა ნაბიჯები უნდა გადადგას კომპანიამ?
1. შეამოწმოს, სჭირდება თუ არა კონკრეტულ უცხოელს შრომითი საქმიანობის უფლება და ხომ არ მოქმედებს გამონაკლისი.
2. გაარკვიოს, ექვემდებარება თუ არა კომპანია წლიური კვოტის შეთანხმების ვალდებულებას და აკმაყოფილებს თუ არა ფინანსურ კრიტერიუმებს.
3. მოამზადოს წერილობითი შრომითი ხელშეკრულება და სხვა საჭირო დოკუმენტები.
4. შესაბამის ელექტრონულ სისტემაში labourmigration.moh.gov.ge მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლება. გასცემს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო.
5. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს D1 ვიზის ან შესაბამისი ბინადრობის ნებართვის მიღება, ხოლო მუშაობა დაიწყოს მხოლოდ კანონით განსაზღვრული პირობების შესრულების შემდეგ. გასცემს სერვისების განვითარების სააგენტო.
შენიშვნა: Worknet-ზე ვაკანსიის გამოქვეყნება და ადგილობრივი კანდიდატის მოძიებისთვის ძველი 10-დღიანი ლოდინი ამ სქემის სავალდებულო ეტაპები აღარ არის. ნუ აურევთ ამ ვადას წლიური კვოტის შეთანხმებისთვის მოქმედ 10 სამუშაო დღეში.
თავად შრომითი საქმიანობის უფლების განხილვის ვადა შეიძლება იყოს:
ეტაპი | ვადა | საფასური |
შრომითი უფლება | 30 კალენდარულ დღე | 200 ლარი |
შრომითი უფლება (დაჩქარებული) | 10 სამუშაო დღე | 400 ლარი |
შრომითი ბინადრობა | 30 / 20 / 10 კალენდარული დღე | 300 / 450 / 600 ლარი |
თუ უცხოელი უკვე საქართველოშია, უფლების მიღების შემდეგ ბინადრობაზე, როგორც წესი, 10 კალენდარულ დღეში უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. თუ საზღვარგარეთაა, D1 ვიზაზე განაცხადის წარდგენის ვადა 30 კალენდარული დღეა.
როდის არის საჭირო წლიური კვოტის შეთანხმება?
თუ კომპანია კალენდარული წლის განმავლობაში გეგმავს ხუთზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებას, ან უცხოელი თანამშრომლების რაოდენობა დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 5%-ს აღემატება (დადგენილებით მითითებული გამონაკლისის გათვალისწინებით), შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე სააგენტოსთან წლიური კვოტა უნდა შეათანხმოს. განაცხადი ელექტრონულად წარედგინება labourmigration.moh.gov.ge-ზე.
ამასთან, დამსაქმებლისთვის მოქმედებს ბრუნვასთან დაკავშირებული მოთხოვნაც. ზოგადი წესით, თითო უცხოელზე წლიური ბრუნვა არ უნდა იყოს 50,000 ლარზე ნაკლები. შესაბამისად, მაგალითად, 12 უცხოელისთვის ზოგადი 50 000-ლარიანი წესის მიხედვით ბრუნვის შესაბამისი მაჩვენებელი 600 000 ლარია. არსებობს გამონაკლისებიც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშენებლო კომპანიებისთვის, რომლებიც მოკლე პერიოდში გეგმავენ მუშახელის რაოდენობის გაზრდას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი -რეალურად ვისთან მუშაობს უცხოელი?
სამშენებლო ობიექტზე მთავარი კონტრაქტორის, ქვეკონტრაქტორისა და კონკრეტული მუშაკის ურთიერთობა სწორად უნდა იყოს დოკუმენტირებული. მხოლოდ ის ფაქტი, რომ უცხოელი სხვა კომპანიის პროექტზე ფიზიკურად მუშაობს, დარღვევას ავტომატურად არ ნიშნავს. გასარკვევია, ვინ არის რეალური დამსაქმებელი, ვისთან აქვს პირს ხელშეკრულება და შეესაბამება თუ არა შესრულებული საქმიანობა მისთვის მინიჭებულ უფლებას.
თუ თანამშრომელი არსებითად სხვა სამუშაო პოზიციაზე გადადის, შესაძლოა ახალი შესაბამისი უფლების მოპოვება გახდეს საჭირო. ამასთან, მხოლოდ პოზიციის დონის, ანაზღაურების ან განრიგის ცვლილება, 2026 წლის ივლისის ცვლილებით განსაზღვრულ შემთხვევაში, თავისთავად არ წარმოშობს უფლების ხელახლა მოპოვების ან ამ ცვლილების სისტემაში შეტყობინების ვალდებულებას.
ასევე პრაქტიკული რისკია თუ უცხოელს შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციაზე აქვს მიღებული, ხოლო ობიექტზე ფაქტობრივად სხვა საქმიანობას ასრულებს. საკითხი ხელახლა უნდა შეფასდეს.
მაგალითად:
დამხმარე მუშა → ელექტრიკოსი ან დამხმარე მუშა → შემდუღებელი
ასეთი ცვლილება უბრალოდ „შიდა გადანაწილებად“ ავტომატურად არ უნდა ჩაითვალოს. მოქმედი წესი კონკრეტულ პოზიციას უკავშირებს შრომითი საქმიანობის უფლებას, ხოლო პოზიციის ცვლილებისას შესაბამისი უფლების მოპოვების საკითხი დგება. უფლების პირობების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეწყვეტაც და შესაბამისი პასუხისმგებლობაც.
ყველა უცხოელი მუშაკი ერთსა და იმავე პროცედურას არ გადის
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშენებლო ბიზნესისთვის. თუ უცხოელი მხოლოდ კონკრეტული ტექნიკის, მოწყობილობის ან საინჟინრო სამუშაოს შესასრულებლად ჩამოდის მოკლე ვადით, შესაძლოა საქმე გვქონდეს მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობასთან, რომელიც ცალკე წესით რეგულირდება.
ასეთი საქმიანობის ხანგრძლივობა კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს და საქმიანობის დაწყებამდე უცხოელი სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაცია უფასოა. თუმცა მხოლოდ რეგისტრაცია საკმარისი არ არის - კანონმდებლობა განსაზღვრავს კონკრეტულ პირობებს, რომელთა დარღვევის შემთხვევაში საქმიანობა მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობად აღარ ჩაითვლება. ამიტომ უცხოელი ინჟინრის, მონტაჟის სპეციალისტის ან სხვა მოკლევადიანი სპეციალისტის ჩამოყვანისას თავიდანვე უნდა დადგინდეს, რომელი სამართლებრივი რეჟიმი ვრცელდება კონკრეტულ შემთხვევაზე.
ხელფასიც სამართლებრივი საკითხია
შრომითი ბინადრობის ნებართვისთვის უცხოელის ყოველთვიური ლეგალური შემოსავალი, ზოგადი წესით, არ უნდა იყოს საქართველოში დადგენილი საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები. ეს არის ბინადრობის ნებართვის კრიტერიუმი და არა ყველა დასაქმებულისთვის დაწესებული უნივერსალური მინიმალური ხელფასი. სათანადო პირობებში შემოსავლის დასადასტურებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირად საბანკო ანგარიშზე თანხის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტიც.
რა გააკეთოს ბიზნესმა: თანამშრომლის აყვანამდე შეადარეთ შეთავაზებული ხელფასი ამ ზღვარს. დაბალმა ხელფასმა შეიძლება ბინადრობაზე უარი გამოიწვიოს, ამის შემდეგ კი უფლებაც შეწყდება.
რა უნდა აკონტროლოს ბიზნესმა მუშაობის დაწყების შემდეგ?
იურიდიული რისკი უცხოელის ობიექტზე დაშვებით არ მთავრდება. დამსაქმებელმა უნდა აკონტროლოს:
უფლების გაგრძელების ვადა (მოქმედების ამოწურვამდე არანაკლებ 30 დღით ადრე);
ფაქტობრივი სამუშაო ადგილისა და პოზიციის შესაბამისობა;
ხელშეკრულების ცვლილების ან შეწყვეტის დროული ასახვა ელექტრონულ სისტემაში;
დასკვნა
სამშენებლო კომპანიამ უცხოელი მუშახელის დასაქმებამდე უნდა შეამოწმოს არა მხოლოდ ხელშეკრულება, არამედ კვოტა, ნებართვა, პირის მიგრაციული სტატუსი და რეალური სამუშაო ფუნქცია. ერთ პროცესში დაშვებული შეცდომა შესაძლოა მთელ პროცესზე აისახოს. წინასწარი სამართლებრივი შეფასება ამ რისკების თავიდან აცილების ეფექტური გზაა.
გეგმავთ უცხოელი თანამშრომლის ან ტექნიკური სპეციალისტის მოწვევას? კონკრეტული შემთხვევის შესაფასებლად დაგვიკავშირდით: 577242595 | gurandagrigolia@gmail.com








