საკონსულო მოსაკრებლის არსი და გადახდევინების წესი
საკონსულო მოსაკრებელი არის კანონით დადგენილი თანხა, რომელიც ასახავს საკონსულო მოქმედების პოლიტიკურ მნიშვნელობასა და ეკონომიკურ ღირებულებას და გადაიხდევინება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის. თუ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილია საქართველოს ინტერესთა სექცია, საკონსულო მოსაკრებელი იმავე წესით გადაიხდევინება ამ სექციის მიერაც. მოსაკრებელი გადაიხდევინება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ამ კანონის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე ნაცვალგების საფუძველზე. ნაცვალგება გამოიყენება, როდესაც შესაბამისი სახელმწიფო საქართველოს მოქალაქის მიმართ ზოგადი წესისაგან განსხვავებულ წესს იყენებს, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
განაკვეთების განსაზღვრის ზოგადი პრინციპი და ვალუტა
საკონსულო მოსაკრებელი, როგორც წესი, წინასწარ გადაიხდევინება კანონით დადგენილი განაკვეთების შესაბამისად, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება აშშ დოლარში და იგი გადაიხდება აშშ დოლარში ან/და ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის აშშ დოლარის მიმართ კონვერტაციის ფიქსირებულ კურსად გამოიყენება წინა საფინანსო წლის 1 დეკემბრამდე აშშ დოლარის მიმართ ადგილსამყოფელი ქვეყნის საბაზრო მაქსიმალური გაცვლითი კურსი. საქართველოს ეროვნული ბანკი არაუგვიანეს ყოველი საფინანსო წლის 10 დეკემბრისა საგარეო საქმეთა სამინისტროს აწვდის მომავალი წლისათვის გამოსაყენებელ გაცვლით კურსს. კონვერტაციის შედეგად მიღებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით, მთელ ერთეულამდე.
საკონსულო მოსაკრებლის სახეები და განაკვეთები
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის მოსაკრებელი გადაიხდევინება შემდეგი განაკვეთებით:
- საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხის განხილვა — 35 აშშ დოლარი;
- საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვა — არანაკლებ 20 და არაუმეტეს 500 აშშ დოლარისა; კონკრეტული თანხის ოდენობა და დაჩქარებული მომსახურების ფასი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით;
- დოკუმენტის საკონსულო ლეგალიზაცია — ერთი დოკუმენტისთვის 15 აშშ დოლარი;
- საქართველოს მოქალაქის შუამდგომლობით საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან დოკუმენტაციის ან ინფორმაციის გამოთხოვისათვის განაცხადის გაგზავნა — ერთი დოკუმენტისთვის 10 აშშ დოლარი;
- სხვადასხვა სახის ცნობის გაცემა — 25 აშშ დოლარი;
- საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის გაცემის ფაქტის დადასტურება — 25 აშშ დოლარი;
- ცნობის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, დიპლომის, ნიშნების ფურცლის, ატესტატის, სერტიფიკატის, პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის, მართვის მოწმობის, მოქალაქეობისა და ბინადრობის ნებართვის საკითხებზე გადაწყვეტილების/დასკვნის თარგმანი ან/და მისი სისწორის დადასტურება — თითოეული გვერდისთვის 10 აშშ დოლარი.
სანოტარო მოქმედებების შესრულებისას საკონსულო მოსაკრებელი განისაზღვრება შემდელნაირად:
- ანდერძის დადასტურება — 10 აშშ დოლარი;
- ანდერძის გაუქმება — 5 აშშ დოლარი;
- დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება — თითოეული პირისთვის და თითოეული ხელმოწერისთვის 5 აშშ დოლარი;
- მინდობილობის/რწმუნებულების დადასტურება — 10 აშშ დოლარი;
- მინდობილობის/რწმუნებულების გაუქმება — 5 აშშ დოლარი;
- დოკუმენტის ერთი ენიდან მეორე ენაზე თარგმანის სისწორის დამოწმება — თითოეული გვერდისთვის 5 აშშ დოლარი;
- დოკუმენტის ასლის, ამონაწერის ან/და დაცული დოკუმენტის ასლის გაცემის დამოწმება — თითოეული გვერდისთვის 3 აშშ დოლარი;
- პირის ცოცხლად ყოფნის, განსაზღვრულ ადგილას ყოფნის, ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობისა და დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება — 15 აშშ დოლარი;
- საზღვაო პროტესტის შესრულება — 150 აშშ დოლარი.

