დამცავი და შემაკავებელი ორდერის დარღვევა — სამართლებრივი კონტური
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისთვის კანონი ითვალისწინებს ორ დროებით ღონისძიებას: დამცავი ორდერს, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლო გამოიტანს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, და შემაკავებელ ორდერს, რომელსაც პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი გამოსცემს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე. ორდერით განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის კონკრეტული მოთხოვნები — და ამ მოთხოვნების დარღვევა სწორედ ის წერტილია, სადაც დავა ახალ, უფრო მკაცრ სამართლებრივ საფეხურზე გადადის. ჩვენი მომსახურება სწორედ ამ გადასვლის გამართვაზეა ორიენტირებული.
რას ითხოვს ორდერი მოძალადისგან
შემაკავებელი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი სახლიდან გარიდებას, მიუხედავად იმისა, მესაკუთრეა ის თუ არა; მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისგან გარიდებისა და თავშესაფარში მოთავსების საკითხებს; თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის აკრძალვას; მოძალადის არასრულწლოვანისგან განცალკევებას; მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა ადგილებთან მიახლოების აკრძალვას; ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებას; იარაღით სარგებლობის შეზღუდვას ან აკრძალვას. ორდერში აუცილებლად ეწერება გაფრთხილებაც: მოძალადე წინასწარ ინფორმირდება, რომ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე და მსხვერპლსა და მოძალადეს ეგზავნება 24 საათის განმავლობაში.
აღსანიშნავია გამოცემის წესიც: გამოძიების დაწყების ან მიმდინარეობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტებზე, შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა; ხოლო როცა გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი დადგენილი წესით აფასებს ძალადობის განმეორების რისკს და ამ რისკის სიმძიმის მიხედვით წყვეტს, გამოსცეს ორდერი თუ არა. ორდერს ხელს აწერენ გამომცემი პირი, მსხვერპლი და მოძალადე; თუ რომელიმე მათგანი ვერ აწერს ხელს, ორდერს ხელს აწერს მხოლოდ გამომცემი, და ამის შესახებ ჩანაწერი კეთდება. ეს დეტალები დარღვევის დავაშიც მნიშვნელოვანია: სწორად გამოცემული და მიწოდებული ორდერი დარღვევის ფაქტის დადგენის წინაპირობაა.











