ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ
Статья 6. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში
1. აკრძალულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება იმ ამოცანის მისაღწევად, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით.
2. პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ მის მიმართ განხორციელებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას მოჰყვა მისი უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა, შეუძლია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერება გაასაჩივროს შესაბამის ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში, პროკურორთან ან სასამართლოში. განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობა ქმნის ამ ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველს. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერების მტკიცების ტვირთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელ ორგანოს ეკისრება.
3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს (საჯარო მოსამსახურეებს) ეკრძალებათ ფარული მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში. აკრძალულია ფარული მონაწილეობა ოფიციალურად რეგისტრირებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში, თუ ეს საქმიანობა მიზნად არ ისახავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ანდა თუ ეს ორგანიზაციები არ ეწევიან ომის ან ძალადობის პროპაგანდას, არ აღვივებენ ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობა.
