Статья 32. მოძრაობის დაწყება და მანევრებთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები
1. მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.
2. მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალს შეესაბამება ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი. მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მიცემული უნდა იქნეს დროულად, მანევრის დაწყების წინ და უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთანავე, სიგნალმა არ უნდა შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები. მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალის მიცემა მძღოლს არ აძლევს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღების ვალდებულებისაგან.
3. მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედის, კიდულძრავიანი ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.
4. მოძრაობის ზოლიდან ზოლში მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად გადასვლისას მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში გავლის უპირატესობა ენიჭება მარჯვნივ მყოფი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
5. გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, აგრეთვე მობრუნების წინ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი.
6. მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული, თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგების არსებობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მარცხნივ მოხვევასა და მობრუნებას ასრულებს ამ ვაკისზე, თუ 5.15.1 და 5.15.2 საგზაო ნიშნებით მოძრაობის სხვა წესრიგი დადგენილი არ არის. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება.
7. სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას: ა) მარჯვენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალებამ უნდა იმოძრაოს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან და შემდეგ შეასრულოს შეძლებისდაგვარად მოკლე მანევრი; ბ) მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საგზაო მოძრაობის შესახებ
