1.თუ არსებობს ამ კოდექსის 105-ე–107-ე მუხლებში აღნიშნული გარემოებები, მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, დამცველი, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლები, ექსპერტი, სპეციალისტი ან თარჯიმანი ვალდებულნი არიან განაცხადონ თვითაცილება. თუ მათ ეს არ განუცხადებიათ, მათ აცილება შეიძლება მისცენ ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა, დამცველმა, აგრეთვე დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა, ხოლო სასამართლო სხდომაზე – სახელმწიფო ბრალმდებელმაც. პირებს, რომლებიც პროცესს აწარმოებენ, უფლება აქვთ აცილება მისცენ ერთმანეთს.
2.განცხადება აცილების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს.
3.პირს, რომელსაც აცილება მისცეს, აცილების საკითხის განხილვამდე უფლება აქვს მისცეს განმარტება.
4.მოსამართლის აცილების საკითხს წყვეტენ დანარჩენი მოსამართლეები იმ მოსამართლის დაუსწრებლად, რომელსაც აცილება მისცეს. აცილების საკითხს, რომელიც მოსამართლეთა უმრავლესობას ან სასამართლოს მთელ შემადგენლობას მისცეს, წყვეტს სასამართლო მთელი შემადგენლობით, ხმების უმრავლესობით. საქმის ერთპიროვნულად განხილვისას აცილების საკითხს წყვეტს საქმის განმხილველი მოსამართლე. აცილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე საქმეს გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს სხვა მოსამართლეს. თუ აცილება მისცეს იმ სასამართლოს მოსამართლეს, სადაც არ არის ამ საქმის განმხილველი სხვა მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს გადაუგზავნის ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარეს. 4 1 . აცილების საკითხს, რომელიც სასამართლო სხდომის მდივანს მისცეს, წყვეტს სასამართლო მთელი შემადგენლობით, ხმების უმრავლესობით. საქმის ერთპიროვნულად განხილვისას აცილების საკითხს წყვეტს საქმის განმხილველი მოსამართლე.
5.საქმის წინასწარი გამოძიებისას პროკურორისათვის მიცემული აცილების საკითხს წყვეტს ზემდგომი პროკურორი, საქმის სასამართლოში განხილვისას – სასამართლო, რომელიც საქმეს განიხილავს.
6.გამომძიებლის აცილების საკითხს წყვეტს პროკურორი, რომელიც მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, როგორც საპროცესო ხელმძღვანელი ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.
7.ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის, დამცველის, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლებისათვის მიცემული აცილების საკითხს წყვეტს პროკურორი, ხოლო სასამართლო სხდომაზე მიცემული აცილებისა – სასამართლო, რომელიც საქმეს განიხილავს.
8.(ამოღებულია).
9.წინასწარი გამოძიებისას განცხადებული აცილების საკითხს წყვეტს პროკურორი 24 საათის განმავლობაში. თუ აცილება განცხადებულია სასამართლო სხდომაზე, საკითხი წყდება დაუყოვნებლივ.
10.განცხადებული აცილების საკითხზე პროკურორს, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.
11.ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, როდესაც საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით აცილებულ იქნა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მთელი შემადგენლობა, საქმე, იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცემა შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს.
12.ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, როდესაც საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით აცილებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მთელი შემადგენლობა, საქმე, იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცემა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1496 - პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998 წ., გვ.33 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89




