Статья 10. სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტი
1. სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტისთვის აუცილებელია: ა) 10 ტონაზე მეტი მოცულობის ობიექტის შემთხვევაში, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული გარემოზე ზემოქმედების ნებართვა; ბ) არანაკლებ 2 და არა უმეტეს 10 ტონა მოცულობის ობიექტის შემთხვევაში, „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის რეგისტრაცია.
2. სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ადგილმდებარეობის შერჩევისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტერიტორიის დაცულობა წყალდიდობის, მეწყრისა და სხვა ბუნებრივი მოვლენებისგან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) სახიფათო ნარჩენებით ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლების დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, შენახვის ადგილი აღჭურვილია წვიმის წყლის შეგროვების სისტემით; ბ) სახიფათო ნარჩენების გარემოში მოხვედრის პრევენციისა და კონტროლის მიზნით, შენახვის ადგილი აღჭურვილია მაფრთხილებელი ნიშნებით (რომლებიც მიუთითებენ შენახულ სახიფათო ნარჩენებზე (კატეგორია, სახეობა)) და ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა მოწყობილობებით; გ) შენახვის ადგილის ქვედა ფენა (ძირი) დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელიც არ შედის რეაქციაში ან არ იწოვს შენახულ ნარჩენებს, წყალგაუმტარია და ითვალისწინებს ნარჩენების დაღვრის/გაფანტვის რისკს; დ) კონტეინერი, რომელიც გამოიყენება სახიფათო ნარჩენებისთვის, შენახვის ადგილზე მოთავსებულია იმგვარად, რომ ნარჩენებთან წვდომა მარტივი და უსაფრთხოა. კონტეინერების 2 მწკრივს შორის მანძილი უნდა იყოს ყველაზე დიდი ზომის კონტეინერზე, სულ მცირე, 2-ჯერ მეტი; ე) საკმარისი ადგილია კონტეინერების გარეცხვისა და გამართვისთვის.
