1.ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე -10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები კლიენტის რისკის დონის შესაბამისად განახორციელოს ერთჯერადი გარიგების დადებამდე და საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე , აგრეთვე სათანადო პერიოდულობით − საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას და კლიენტთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების ცვლილებისას .
2.კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ნაკლები რისკების არსებობისას შეიძლება დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, თუ ეს აუცილებელია კლიენტის მომსახურების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება რაც შეიძლება სწრაფად, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დასრულდეს.
3.აკრძალულია ანონიმური ანგარიშის ან ფიქციურ სახელზე ანგარიშის გახსნა ან წარმოება . ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია საზედამხედველო ორგანოს მიერ დადგენილი წესით გახსნას ანგარიში კლიენტის ან / და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით ამ კანონის მე -10 მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ და „ ბ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებამდე , თუ აიკრძალება ანგარიშზე კლიენტის სახელით ან დავალებით ოპერაციების შესრულება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების დასრულებამდე .
4.ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან ერთჯერადი გარიგების დადების მიზნით ამ კანონის მე -10 მუხლის პირველი პუნქტის „ ა “−„ გ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები კლიენტთან ან / და კლიენტის სახელით მოქმედ პირთან უშუალო კონტაქტის გარეშე , ელექტრონულად განახორციელოს საზედამხედველო ორგანოს მიერ დადგენილი წესით და მასთან შეთანხმებული ისეთი საოპერაციო / ტექნიკური პროცედურებით , რომლებიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს .
5.სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განისაზღვრება საიდენტიფიკაციო მონაცემები , რომლებიც ანგარიშვალდებულმა პირმა კლიენტის ან / და კლიენტის სახელით მოქმედი პირის იდენტიფიკაციის მიზნით უნდა მოიპოვოს , აგრეთვე ამ მონაცემების სიზუსტის გადამოწმებისთვის საჭირო დოკუმენტები .
6.საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ელექტრონულად კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, აგრეთვე კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის წესი.
7.ლატარიის ორგანიზატორი, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად მიღებული ინფორმაცია და განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) თაობაზე ინფორმაცია ერთმანეთთან დააკავშიროს. საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1566 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024წ.





