საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
Статья 9. საჯარო
განხილვის სხდომის მიმდინარეობა 1. საჯარო განხილვა ტარდება ქართულ ენაზე.
2. საჯარო განხილვას ხსნის და უძღვება: ა) გზშ-სადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე- სამინისტროს წარმომადგენელი (წარმომადგენლები). ბ) სგშ-სადმი დაქვემდებარებულ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე და სგშ-ს ანგარიშზე – დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები).
3. სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები) საჯარო განხილვის სხდომის გახსნის შემდგომ წარადგენს საჯარო განხილვის დღის წესრიგს რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საჯარო განხილვაზე მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობას.
4. სამინისტროს წარმომადგენელი გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე საჯარო განხილვის მონაწილეებს გააცნობს: ა) დაგეგმილი საქმიანობის მოკლე აღწერას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საქმიანობის განმახორციელებლის, დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილისა და ფიზიკური მახასიათებლების შესახებ; ბ) სკოპინგის ანგარიშის განხილვის შემთხვევაში ინფორმაციას გარემოზე შესაძლო ზემოქმედებისა და მისი სახეების შესახებ, რომელიც შესწავლილი უნდა იყოს გზშ-ის პროცესში, ინფორმაციას ჩასატარებელი საბაზისო/საძიებო კვლევების შესახებ, ასევე ზოგად ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც გათვალისწინებული იქნება გარემოზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებისათვის შემცირებისათვის ან/და შერბილებისათვის. გ) დაგეგმილი საქმიანობის ტექნიკურ პარამეტრებს, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, საქმიანობით გამოწვეული ზემოქმედების სახეებსა და მასშტაბებს, დაგეგმილი საქმიანობის ადგილისა და ტექნოლოგიების ალტერნატივებს, ზემოქმედების შერბილების შემცირების ან თავიდან აცილების ღონისძიებებს.
