Статья 35. სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის შესახებ ზოგადი დებულებები
1. სამხედრო მოსამსახურეს მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით ეკისრება დისციპლინური, სამოქალაქო, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.
2. სამხედრო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხვა პირისთვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანს სახელმწიფო ანაზღაურებს.
3. თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფოსთვის ან სხვა პირისთვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანს სამხედრო მოსამსახურე ან ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ანაზღაურებს, თუ ეს ზიანი მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ გამოიწვია.
4. თუ სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტი ვადამდე არ შეწყდება ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“−„ვ“, „ი“−„ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლით, აღნიშნული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისთვის პირს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 1 500 ლარიდან 28 000 ლარამდე ოდენობით, თუკი მასთან გაფორმებული, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კონტრაქტი კონკრეტული ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას ითვალისწინებს. პირი ვალდებულია გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ჯარიმა ამ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში.
