1.წყალმომარაგებისას მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლებზე საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და მისი შესაბამისი სტანდარტის სასმელი წყლის მიწოდება და წყალარინება. ამ მიზნით იგი ვალდებულია: ა) მუდმივად აკონტროლოს სასმელი და ჩამდინარე წყლის ხარისხი და მისი შესაბამისობა საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდართებთან; ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და წყალარინების ქსელზე და მათ შემადგენელ ყველა სახის მილსადენზე, დანადგარებსა თუ ხელსაწყოებზე უზრუნველყოს სანიტარიული პირობების დაცვა; გ) დაიცვას სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტები და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე რაიმე სახის ზემოქმედება ან/და სასმელი წყლის დაბინძურება; დ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასმელი წყლის წყალმომარაგების წყაროებზე განსაზღვროს სანიტარიული დამცავი ტერიტორიები (სანიტარიული დაცვის ზონა) და არ დაუშვას ამ ტერიტორიების ფარგლებში ნიადაგისა და გრუნტის წყლების დაბინძურება; ე) სასმელი წყლის წყალმომარაგების სანიტარიულ დამცავ ტერიტორიებსა (სანიტარიული დაცვის ზონა) და ობიექტებზე დროულად აღკვეთოს დაბინძურება და შესაძლოდ მოკლე ვადაში გაასუფთაოს დაბინძურებული ტერიტორია დაბინძურების წყაროებისაგან; ვ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის დაბინძურების ან დაბინძურების საშიშროების შემთხვევაში უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება.
2.გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ვალდებულებისა , მიმწოდებელი ასევე პასუხისმგებელია ჩამდინარე სითხის წყალარინებისას ჩამდინარე სითხის გარემოსაგან იზოლირებასა და წყალსატევში ჩამდინარე სითხის გაწმენდაზე, ხოლო გარემოს დაბინძურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ (შესაძლოდ მოკლე ვადაში) გაწმინდოს და მიიღოს შესაბამისი სანიტარიული ზომები.
