საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
Article 49. კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობა
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიების (მათ შორის, კომერციული ბანკისთვის პირობითი ლიცენზიის) გაცემასა და გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნებისა და შეზღუდვების დაწესებას, საზედამხედველო ზომებისა და სანქციების გამოყენებას; ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კომერციული ბანკისა და მიკრობანკის კაპიტალის წარმოშობის წყაროებისა და მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო მესაკუთრეების, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) კომერციული ბანკისა და მიკრობანკის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ და სამართლებრივი აქტით დაუწესოს მათ დამატებითი მოთხოვნები; დ) ზედამხედველობა გაუწიოს და შეამოწმოს კომერციული ბანკი, მიკრობანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, შეამოწმოს მათი შვილობილი საწარმოები, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი და თავის მიერ განსაზღვრული ფორმით მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში. შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მასალები შესაბამის ორგანოებს გადაეცემა; ე) კომერციულ ბანკს, მიკრობანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუზარდოს სავალდებულო რეზერვების ნორმები, შეუწყვიტოს აქტიური ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, გაუზარდოს აქტივებისა და პირობითი ვალდებულებების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ნორმები; ვ) კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება; დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მათი თანამდებობიდან გათავისუფლება; კომერციულ ბანკს, მიკრობანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა; კომერციულ ბანკს, მიკრობანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუუქმოს შესაბამისი ლიცენზია; ზ) კომერციული ბანკისთვის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისთვის ნორმატიული აქტით დაადგინოს შესაბამისი ლიცენზიის გაცემისა და გაუქმების წესები, განსაზღვროს ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში; თ) კომერციული ბანკისთვის პირობითი ლიცენზიის გაცემისას რისკების შესამცირებლად განსაზღვროს შესაბამისი შეზღუდვები ან/და ინდივიდუალური/დამატებითი მოთხოვნები, მათი სრულად დაკმაყოფილების ეტაპები და ვადები, აგრეთვე პირობითი ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები; ი) გამონაკლის შემთხვევებში „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის გარეშე გასცეს პირობითი თანხმობა კომერციული ბანკის, მიკრობანკის ადმინისტრატორის დანიშვნაზე და განსაზღვროს ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის ვადა არაუმეტეს 6 თვისა; კ) გარკვეული ვადით ან/და გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს კომერციული ბანკი, მიკრობანკი თავის მიერ დადგენილი ნორმების დაცვისგან; ლ) განიხილოს და შეაფასოს კომერციული ბანკის მიერ შემუშავებული და წარდგენილი გაჯანსაღების გეგმა, აგრეთვე მოსთხოვოს მას გაჯანსაღების გეგმაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; მ) კომერციული ბანკის მიმართ გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადრეული ინტერვენციის ზომა, ხოლო მიკრობანკის მიმართ − „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი; ნ) განსაკუთრებულ შემთხვევაში საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების მიზნით კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისთვის დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები: საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, დამატებით დაუწესოს დასვენების დღეები, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული უქმე დღეები ან/და შაბათი ან/და კვირადღე გამოაცხადოს საბანკო დღეებად/დღედ; დაუწესოს გარკვეული შეზღუდვები ან/და გაათავისუფლოს შეზღუდვებისგან და განახორციელოს საფინანსო სისტემის მდგრადობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი სხვა ქმედება; ო) ამ კანონის 55 1 მუხლით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად და რეზოლუციის პროცესის ეფექტიანად განსახორციელებლად დააწესოს გამარტივებული საზედამხედველო მოთხოვნები; პ) თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება; ჟ) კომერციული ბანკისა და მიკრობანკის საქმიანობას ზედამხედველობა გაუწიოს რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე; რ) განახორციელოს იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის რეგულირება და ზედამხედველობა „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
