1.ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, მიკრობანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, საპენსიო ფონდის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. [ 1. ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, მიკრობანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, საპენსიო ფონდის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, სესხის გამცემი სუბიექტების, ფაქტორინგული კომპანიების, ფაქტორინგული პლატფორმებისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 1 1 . ეროვნული ბანკი ზედამხედველობას უწევს „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არაავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის, ინსტიტუციური ინვესტორის, საქართველოში რეგისტრირებული თავდაპირველი კრედიტორისა და ინიციატორის (გარდა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციისა) მიერ იმავე კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით, 23-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებითა და 24-ე და 26-ე მუხლებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.
2.(ამოღებულია - 23.12.2018, №1894) .
3.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები და შესაბამისი შეზღუდვები, გამოიყენოს საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები.
4.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, ეროვნული ბანკი აგრეთვე უფლებამოსილია პირს უარი განუცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტად რეგისტრაციაზე, ლიცენზირებაზე, ავტორიზაციაზე, აღიარებაზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამავე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე, თუ: ა) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ, ლიცენზირებამ, ავტორიზაციამ, აღიარებამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობას; ბ) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ, ლიცენზირებამ, ავტორიზაციამ, აღიარებამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ორგანიზაციის სავალდებულო გადაწყვეტილებით ან/და რეკომენდაციით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა ან/და შეუსრულებლობა; გ) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ, ლიცენზირებამ, ავტორიზაციამ, აღიარებამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების დარღვევა; დ) დაინტერესებულმა პირმა ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში არ წარუდგინა მას სრულყოფილი ინფორმაცია სუბიექტის საქმიანობის დასაწყებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კაპიტალის მოთხოვნების შესრულებისთვის საჭირო თანხის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მნიშვნელოვანი წილის შეძენისთვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ; ე) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით, დაინტერესებული პირი (სუბიექტი, ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ბენეფიციარი მესაკუთრე) არღვევს სამეწარმეო, საბანკო ან/და საფინანსო კანონმდებლობას ან/და ახორციელებს ისეთ სამეწარმეო პრაქტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის ან რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას; ვ) დაინტერესებული იურიდიული პირის ჯგუფის სტრუქტურა, მფლობელობის სტრუქტურა და მმართველობის სტრუქტურა ან/და საოპერაციო საქმიანობა/გარემო საკმარისად გამჭვირვალე არ არის, რამაც შეიძლება შეაფერხოს ეფექტიანი ინდივიდუალური ან კონსოლიდირებული ზედამხედველობის განხორციელება ან/და საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას. 4 1 . ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის კაპიტალის წარმოშობის წყაროების, მფლობელობის სტრუქტურის, მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ); ბ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, დააკისროს ფულადი ჯარიმა, გაუუქმოს რეგისტრაცია, ავტორიზაცია, აღიარება და ჩამოართვას ლიცენზია; გ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება, დააკისროს ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან განთავისუფლება; დ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს მიაწოდოს იმ პირთა სია, რომელთა საქმიანობა შეიცავს ან შეიძლება შეიცავდეს ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების რისკს; ე) მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ან არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დააკისროს სანქცია. 4 2 . ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ეროვნული ბანკი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე. 4 3 . ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. 4 4 . ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის გამო ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაცია თავის მიერ დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
5.საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტებისაგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური).
6.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ითანამშრომლოს ადგილობრივ საზედამხედველო და სამართალდამცავ ორგანოებთან.
7.ამ კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით შესაძლებელია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებულად განისაზღვროს ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული ხელმოწერის (მათ შორის, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისგან განსხვავებული ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული ხელმოწერის) გამოყენების წესი და პირობები და მათი იურიდიული ძალა. 7 1 . ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტსა და ეროვნულ ბანკს შორის მიმოწერა/ურთიერთობა შეიძლება განხორციელდეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. ამ ფორმებს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტთან მიმოწერის/ურთიერთობის განხორციელების დროს ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების წესი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გამოყენებულ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.
8.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისაგან მიიღოს თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გამოგზავნილი ან/და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის მქონე ელექტრონული დოკუმენტი. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების საკითხი რეგულირდება ეროვნულ ბანკსა და ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულებით.
9.თუ ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისთვის მატერიალური დოკუმენტის ან/და ელექტრონული დოკუმენტის ჩაბარება ვერ ხერხდება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ან ვიცე-პრეზიდენტს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ. ოფიციალური დოკუმენტი საჯაროდ ვრცელდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით. საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-15 სამუშაო დღეს.
10.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს უფლება აქვს, შეიმუშაოს და ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს მომსახურების გაწევისას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკა. ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული კონკრეტული მომსახურების გაწევისას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. აღნიშნული ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებული ელექტრონული დოკუმენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა დოკუმენტის მატერიალურ ფორმას მოითხოვს.
11.თუ სუბიექტი აპირებს გამოიყენოს ელექტრონული ხელმოწერა, რომლის იურიდიული ძალა აღიარებულია კანონის საფუძველზე და რომლის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკა ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული არ არის, სუბიექტი ვალდებულია ასეთი ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების შესახებ წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს.
12.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერსა და სესხის გამცემ სუბიექტს დაუდგინოს მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვის (მათ შორის, მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების) წესი.
13.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფინანსო სექტორთან დაკავშირებული ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტის პროექტი გამოაქვეყნოს მის დამტკიცებამდე დაინტერესებული მხარეებისგან კომენტარების მიღების მიზნით. ეს არ ეხება იმ ნორმატიული აქტის პროექტს, რომლის მიღება აუცილებელია რეზოლუციის მიზნებისთვის ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ან/და რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს.
14.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია) მიაწოდოს აღნიშნული სუბიექტის შემფასებელს და აუდიტორს (აუდიტორულ ფირმას). ამ უფლებამოსილებას ეროვნული ბანკი იყენებს საზედამხედველო მოთხოვნების ან/და სარეზოლუციო მოთხოვნების ჯეროვნად შესრულების ხელშეწყობის ან/და შეფასების მიზნით, აგრეთვე სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლებში. არავის არ აქვს უფლება, მოსთხოვოს ეროვნულ ბანკს ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენა. ეროვნული ბანკის მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდება/მიუწოდებლობა არ შეიძლება გახდეს აღნიშნული სუბიექტის შემფასებლის მიერ შეფასების ან აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) მიერ აუდიტის არაჯეროვნად განხორციელების საფუძველი. შემფასებელი და აუდიტორი (აუდიტორული ფირმა) ვალდებული არიან დაიცვან ეროვნული ბანკისგან მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
15.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, გამოსცეს სამართლებრივი აქტები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.
16.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს ლიკვიდაციის ხარჯების დასაფარავი თანხა არ აქვს, ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის აუცილებელი ხარჯების დასაფარავად გასცეს თანხა, რომელიც დაკმაყოფილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული თანხის გაცემისა და დაკმაყოფილების წესს ადგენს ეროვნული ბანკი.
17.ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, განახორციელოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება, საზედამხედველო ზომები ან/და შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის ერთი ან ერთზე მეტი საპენსიო სქემის მომსახურების უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, გამოსცეს სამართლებრივი აქტები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები ან/და შესაბამისი შეზღუდვები. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის ეროვნული ბანკი თანამშრომლობს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან. ეს თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) გაცვლას. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5527 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ. საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის ორგანული კანონი №6017 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6320 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6305 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 6 მარტის ორგანული კანონი № 262 - ვებგვერდი, 20.03.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 მარტის ორგანული კანონი № 353 - ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი № 4188 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის ორგანული კანონი №668 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №1894 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის ორგანული კანონი №5240 – ვებგვერდი, 30.10.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5687 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის ორგანული კანონი №6674 – ვებგვერდი, 07.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის ორგანული კანონი №6816 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის ორგანული კანონი №1477 – ვებგვერდი, 19.04.2022წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის ორგანული კანონი №1790 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის ორგანული კანონი №1810 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის ორგანული კანონი №2627 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №3354 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №3944 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №4326 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №1141 - ვებგვერდი, 12.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის ორგანული კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.




