საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
Article 55^2. ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელება
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ და ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განახორციელოს ყველა სარეზოლუციო უფლებამოსილება, რომლებიც აუცილებელია რეზოლუციის მიზნების მისაღწევად, მათ შორის: ა) განახორციელოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის სრული კონტროლი ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მათ შორის, განახორციელოს კომერციული ბანკის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება; ბ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ დაიცვას იმავე კანონის 32-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეზოლუციის პრინციპები; გ) განახორციელოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება; დ) თანამდებობიდან გაათავისუფლოს კომერციული ბანკის თანამშრომელი და ადმინისტრატორი და მათ ნაცვლად დანიშნოს სხვა პირები; ე) მიიღოს გადაწყვეტილება კომერციული ბანკის ნებისმიერი ოპერაციის, ტრანზაქციის ან სხვა საქმიანობის შეჩერების თაობაზე; ვ) დროებით შემოიღოს მორატორიუმის რეჟიმი კომერციული ბანკის ვადამოსული ვალდებულებების მიმართ ან/და მხარეს შეუზღუდოს კომერციულ ბანკთან დადებული, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულების მიმართ ადრეული შეწყვეტის უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობა; ზ) მიმართოს სასამართლოს კომერციული ბანკის მიმართ არსებული საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; თ) განახორციელოს კომერციული ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა ან კომერციული ბანკის აქციების სხვა პირისთვის საკუთრებაში გადაცემა; ი) კომერციული ბანკის აქტივები და ვალდებულებები სრულად ან ნაწილობრივ მესამე პირს (პირებს) გადასცეს. ამ უფლებამოსილების გამოყენებისას ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ დეპოზიტები მხოლოდ სხვა კომერციულ ბანკს ან დროებით ბანკს გადაეცეს; კ) განახორციელოს აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ჩამოწერა ან/და საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების (გარდა აქციებისა) კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია; ლ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ახალი აქციების, საკუთრების სხვა ინსტრუმენტების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების გამოშვება; მ) განახორციელოს კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერა ან/და მათი კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია; ნ) კომერციული ბანკის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილების ხელშეკრულების პირობის საფუძველზე გამოყენების გარდა, შეწყვიტოს, მათ შორის, ურთიერთგაქვითვის გზით, კომერციული ბანკის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება, აგრეთვე დერივატივების შესახებ ხელშეკრულება; ო) გააუქმოს კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული სავალო ინსტრუმენტები და სხვა ვალდებულებები ან შეცვალოს მათი დაფარვის ვადა, საპროცენტო განაკვეთი ან/და პროცენტის გადახდის პერიოდულობა/ვადები. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება უზრუნველყოფილ ვალდებულებებზე (მათ შორის, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებულ ვალდებულებებზე); პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის, მათ შორის, მიღებული პრემიის, ცვალებადი ანაზღაურების ან სხვა მსგავსი შემოსავლის, ანაზღაურება კომერციული ბანკის იმ აქციონერისაგან, ადმინისტრატორისაგან ან სხვა თანამშრომლებისაგან, რომლის/რომელთა ქმედებამ ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს; ჟ) „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების/გარიგების და „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამასთან დაკავშირებული ქმედების/გარიგების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამდე 1 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამ ქმედების/გარიგების შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღო ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლა, რამაც კომერციულ ბანკს ან მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა; რ) ეფექტური რეზოლუციის მიზნით კომერციული ბანკის ხარჯით დადოს ხელშეკრულება დამოუკიდებელ აუდიტორთან, შემფასებელთან, იურისტთან, ბუღალტერთან, კონსულტანტთან ან/და სხვა პირთან. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამდე ამ პირის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯებს ეროვნული ბანკი გაიღებს; ს) მიიღოს აუცილებელი ზომები დროებითი ბანკის ეფექტური მართვისთვის, შეიმუშაოს ინსტრუქციები დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის თაობაზე და დაეთანხმოს შემუშავებულ გეგმას; ტ) გამოსცეს სამართლებრივი აქტი ამ კანონით დადგენილი, რეზოლუციასთან დაკავშირებული მოთხოვნების უცხოური ბანკის ფილიალზე გავრცელების თაობაზე; უ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით.
