1.თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო (შემდგომ − თიზ-ის საწარმო) არის „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო.
2.თიზ-ის საწარმო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების შემთხვევაში გადაიხადოს საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავლის (საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას − ამ საქონლის საბაზრო ფასის) 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
3.საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსთვის საქონლის (გარდა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და წარმოებისათვის განკუთვნილი ელექტროენერგიისა, წყლისა და ბუნებრივი აირისა) მიწოდებისას თიზ-ის საწარმო ვალდებულია გადაიხადოს მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
4.საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსათვის საქონლის მიწოდებისას დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება ამ საქონლის საბაზრო ფასი.
5.თიზ-ის საწარმოს ეკრძალება: ა) საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების შეძენა, გარდა: ა.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის ან/და ადმინისტრაციის მიერ დაცვის მომსახურების გაწევისა ან/და ქონების ქირით ან იჯარით გადაცემისა; ა.ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, კანალიზაციის, აუდიტორული ან/და საკონსულტაციო მომსახურებისა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ოპერაციების განხორციელებისა ან/და ფინანსური მომსახურების გაწევისა, აგრეთვე ძირითად საშუალებათა დადგმისა, მონტაჟისა ან/და მშენებლობის მომსახურების გაწევისა; ა.გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა ; ბ) საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების გაწევა.

