1.მყიდველი ვალდებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში ამ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის/აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს მთავრობის სათანადო განკარგულების/აუქციონის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. ამ პუნქტში მითითებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხის ოდენობის შემცირება დასაშვებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. 1 1 . მყიდველი ვალდებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებით (გარდა საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულებისა) პრივატიზებისას საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არარსებობის შემთხვევაში ამ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის/აუქციონის ფორმით პრივატიზების დროს საქართველოს მთავრობის სათანადო განკარგულების/აუქციონის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ოდენობა და ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
2.უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე მისი მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
3.მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი მის სრულ ოდენობამდე.
4.მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
5.ამ მუხლით გათვალისწინებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება იმ მყიდველებზე, რომლებსაც ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პრივატიზების გზით უნდა გადაეცეთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
6.სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.
7.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში განკარგულ სახელმწიფო ქონებაზე. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5014 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1037 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1665 - ვებგვერდი, 04.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2878 – ვებგვერდი, 23.12.2014წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2274 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1023 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.






