1.შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია საქართველოს პროკურატურის მეშვეობით მოითხოვოს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის გამოძახება თავის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, როგორც ბრალდებულისა, მოწმისა, ექსპერტისა ან დაზარალებულისა.
2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირის გამოძახება ხდება შესაბამისი უწყების საფუძველზე, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ფორმით, რომელიც ეგზავნება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
3.საქართველოს ტერიტორიაზე ამ მუხლით დადგენილი წესით გამოძახებულ მოწმეს, ექსპერტსა და დაზარალებულს აუნაზღაურდებათ ყველა ის ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მათ მგზავრობასთან და საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნასთან, ასევე ძირითადი სამუშაოდან მოცდენასთან. გამოძახებულ ექსპერტს დამატებით აუნაზღაურდება ყველა ის ხარჯი და გასამრჯელო, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ საექსპერტო საქმიანობის განხორციელებასთან.
4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის გამოძახების შესახებ უწყებაში ან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობაში მიეთითება იმ ხარჯების ოდენობა, რომლებიც გამოცხადების შემთხვევაში უნდა აუნაზღაურდეს გამოძახებულ პირს.
5.თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შესაძლებელია საქართველოს პროკურატურის წინასწარი თხოვნის საფუძველზე შესაბამისმა უცხო სახელმწიფომ გამოსაძახებელ მოწმეს, ექსპერტს ან დაზარალებულს ავანსის სახით გადასცეს გარკვეული ოდენობის ფულადი თანხა, რომელსაც შემდგომ აანაზღაურებს საქართველოს კომპეტენტური ორგანო.
6.მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის მიმართ, რომელიც გამოძახებულ იქნა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, პროცესის მწარმოებელ ორგანოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიება.
7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუ პირი ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოში და კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელახლა იქნება გამოძახებული.
8.ამ მუხლით დადგენილი წესით გამოძახებულ მოწმეს, ექსპერტს ან დაზარალებულს პროცესის მწარმოებელი ორგანოს წინაშე გამოცხადების შემთხვევაში არ შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა; იგი არ შეიძლება დაექვემდებაროს დაკავებას, დაპატიმრებას ან სასჯელს; ასევე არ შეიძლება მას რაიმე სხვა სახით შეეზღუდოს თავისუფლება იმ ქმედებისათვის, რომელიც ჩაიდინა შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვებამდე. არ შეიძლება ასევე აღნიშნული პირების მიმართ გამოყენებულ იქნეს რაიმე სახის შეზღუდვა მათ მიერ მიცემული ჩვენების ან გაკეთებული დასკვნის გამო იმ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომლისთვისაც იყვნენ ისინი გამოძახებული.
9.ამ მუხლით დადგენილი წესით გამოძახებულ ბრალდებულს პროცესის მწარმოებელი ორგანოს წინაშე გამოცხადების შემთხვევაში არ შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა; იგი არ შეიძლება დაექვემდებაროს დაკავებას, დაპატიმრებას ან სასჯელს; ასევე არ შეიძლება მას რაიმე სხვა სახით შეეზღუდოს თავისუფლება იმ ქმედებისათვის, რომელიც ჩაიდინა შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვებამდე და არ იყო მითითებული გამოძახების შესახებ უწყებაში.
10.ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუ პირმა, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, არ დატოვა იგი 15 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ამოიწურა მისი საქართველოში ყოფნის აუცილებლობა, ან ხელახლა დაბრუნდა საქართველოში მისი ტერიტორიის დატოვების შემდეგ, თუკი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
