1.პროკურორი უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს (წარმოშობის სახელმწიფო) ტერიტორიაზე მყოფი ან რეგისტრირებული პირისგან უშუალოდ მიიღოს ამ პირის მფლობელობაში ან/და კონტროლის ქვეშ არსებული, სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი კომპიუტერული მონაცემი ან დოკუმენტი, თუ კომპიუტერული მონაცემის ან/და დოკუმენტის ამ წესით მოპოვება დაშვებულია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, წარმოშობის სახელმწიფოს სამართლით ან/და ამ სახელმწიფოს ნათლად ჩამოყალიბებული პრაქტიკით. პროკურორის მიერ ამ უფლებამოსილებით სარგებლობისას არ გამოიყენება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავით დადგენილი წესები.
2.დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების მიზნით უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი ან რეგისტრირებული პირის იძულება ან ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრება.
3.ამ მუხლით დადგენილი წესით შესაბამისი კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვებისას პროკურორი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები.
4.ამ მუხლით დადგენილი წესით კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვება შესაძლებელია საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პროკურორის ან/და პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფის მიერ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3157 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.





