1.განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების დადების საკითხები განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლითა და ამ დებულებით.
2.შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება განზრახვათა შესახებ გადაეცემა პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად. პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება წარმოდგენილ უნდა იქნეს სატენდერო წინადადებასთან ერთად, როგორც თანმხლები დოკუმენტი.
3.შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის მოლაპარაკება განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დასაშვებია მხოლოდ ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადის თაობაზე. შემსყიდველმა ორგანიზაციამ განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის დადგენის და ამ პუნქტის პირველ ნაწილში აღნიშნული მოლაპარაკების დროს გაითვალისწინოს ტენდერის ხანგრძლივობა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების სავარაუდო ვადა და ამ პროცესში შესაძლო დაბრკოლებები.
4.პრეტენდენტის მიერ განზრახვათა შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულების წარმოუდგენლობის ან სატენდერო წინადადებასთან ერთად კონვერტში მისი დახურვის შემთხვევაში პრეტენდენტის სატენდერო წინადადება არ განიხილება.
5.განზრახვათა შესახებ ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს: ა) პრეტენდენტის ვალდებულებას ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე მის სატენდერო წინადადებაში განსაზღვრული პირობების მიხედვით; ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის ვალდებულებას პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში განსაზღვრული პირობების მიხედვით. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ადგილი აქვს შესყიდვის განხორციელების შეწყვეტას ან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას; გ) შემსყიდველი ორგანიზაციის ვალდებულებას პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საგარანტიო დოკუმენტების დაბრუნების თაობაზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სატენდერო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას გარანტიის დაუბრუნებლობის შესახებ), თუ ტენდერის პირობებით გათვალისწინებულია სატენდერო წინადადებების უზრნველყოფის (გარანტიის) მექანიზმის გამოყენება; დ) პრეტენდენტის სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას; ე) განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადას; ვ) მხარეთა პასუხისმგებლობის განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის; ზ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების ვადას.


