1.სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის მიზნით შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გამოიყენოს გარანტირების მექანიზმი სატენდერო წინადადების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. ამ შემთხვევაში ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები ვალდებულნი არიან წარუდგინონ შემსყიდველ ორგანიზაციას თავისი სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის გარანტიები, როგორიცაა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარი დადგენილი თანხის ოდენობის საბანკო გარანტია, ბანკის მიერ დამოწმებული ჩეკი ან აკრედიტივი და სხვა. დაუშვებელია სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშზე თანხის შეტანა (ჩარიცხვა).
2.სატენდერო წინადადებების გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა: ა) როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 600 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 8 000 000 ლარს; ბ) სახლმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით, თუ შესასყიდი ობიექტი გამოირჩევა განსაკუთრებული სირთულით და/ან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების ვადას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, მიუხედავად შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებისა.
3.გარანტირების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში შემსყიდველმა ორგანიზაციამ სატენდერო დოკუმენტაციაში უნდა ასახოს კონკრეტული მოთხოვნები გარანტიის ღირებულებითი ოდენობის, მისი ფორმის, გარანტიის გამცემი ორგანიზაციების მიმართ.
4.საგარანტიო მოთხოვნა თანაბრად უნდა ეხებოდეს ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს.
5.გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.
6.გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს სატენდერო წინადადებასთან ერთად ერთ დახურულ კონვერტში შესაბამისი აღნიშვნით.
7.სატენდერო კომისიას უფლება აქვს დაიწუნოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი გარანტია, თუ მას საფუძვლიანი ეჭვი გააჩნია წარმოდგენილი გარანტიის მიმართ ან გარანტიაზე დასტურის გამცემი ორგანიზაციის გადახდისუნარიანობაზე.
8.შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ტენდერში მონაწილე პირთათვის გარანტიების დამადასტურებელი დოკუმენტების დაბრუნება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების დღიდან არ ა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა.
9.თუ შემსყიდველი ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სატენდერო პროცედურების შეწყვეტის თაობაზე ტენდერში მონაწილე გარანტიების დამადასტურებელი დოკუმენტები უბრუნდებათ მათი მოთხოვნისთანავე.
10.თუ გამარჯვებულ პირთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება არ დაიდო და სატენდერო კომისია ატარებს სატენდერო წინადადებების ხელმეორე შეფასებას, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს გარანტიების დამადასტურებელი დოკუმენტების დაბრუნება იმ პირებისათვის, რომლებმაც უარი განაცხადეს სატენდერო წინადადებების ხელმეორე განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, სატენდერო წინადადების და განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე ან/და ვერ უზრუნველყოფს წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელება.
11.იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა ამოიწურა სატენდერო წინადადებების შეფასების დასრულებამდე და პრეტენდენტმა უარი განაცხადა ამ ვადის გაგრძელებაზე, პრეტენდენტს გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტები უბრუნდება მოთხოვნისთანავე.
12.გადაწყვეტილებას გარანტიის დაუბრუნებლობის შესახებ იღებს სატენდერო კომისია. ასეთი გადაწყვეტილება მიიღება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ სატენდერო წინადადების გახსნის შემდეგ პრეტენდენტმა უარი განაცხადა ტენდერში მონაწილეობაზე (თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე); ბ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს შემსყიდველ ორგანიზაციასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე; გ) თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნა შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
13.სატენდერო კომისიის მიერ გარანტიის დაუბრუნებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ტენდერში მონაწილე პირს უფლება აქვს გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება ამ დებულების VII თავის და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.






