Article 21. „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) 1998 წლის 12 ნოემბრამდე გამოცემული მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი; ბ) საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სანოტარო ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი ან ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების აქტი, პროექტის შეთანხმების ბრძანება და ამ ბრძანებით დამტკიცებული პროექტი); გ) ერთჯერადი საზღაურის „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით გადახდის დამადასტურებელი საბუთი; დ) საგადასახადო ორგანოს ცნობა მიწის გადასახადის გადახდის ან ამ გადასახადში საგადასახადო ვალდებულების არარსებობის შესახებ; ე) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; ვ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
