საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
Article 59^1. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი
1. სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების სარკინიგზო ქსელში გამოყენებამდე უნდა განისაზღვროს მისი ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი. ამ პირს უნდა ჰქონდეს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი.
2. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატს გასცემს სააგენტო საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის შესაბამისად. სააგენტო აგრეთვე უფლებამოსილია სარკინიგზო უსაფრთხოების წესის შესაბამისად განაახლოს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი, შეაჩეროს მისი მოქმედება ან გააუქმოს ის.
3. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს იმ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის უსაფრთხო მდგომარეობაში ყოფნა, რომელთა მოვლა-შენახვასა და ტექნიკურ მომსახურებასაც იგი ახორციელებს.
4. სარკინიგზო უსაფრთხოების წესით დგინდება ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ თავისი ფუნქციების დელეგირების წესი და ამ წესისგან გამონაკლისი შემთხვევები.
5. სააგენტო ახორციელებს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირებას, მონიტორინგსა და ზედამხედველობას თავის მიერ დამტკიცებული ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის შესაბამისად.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს უნდა მიეცეს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ნებისმიერ ინფორმაციასთან, შენობა-ნაგებობასთან, დანადგართან, მოწყობილობასა და აღჭურვილობასთან დაშვების უფლება.
7. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სავალდებულო სერტიფიცირების შემთხვევები (მათ შორის, გამონაკლისი შემთხვევები) განისაზღვრება სარკინიგზო უსაფრთხოების წესით.
8. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ფორმა მტკიცდება სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით. საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
