„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 31. საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში
1. საქართველოს ეროვნული ბანკი: ა) ახორციელებს დამფუძნებელთა, როგორც საპენსიო დაზღვევის მონაწილეთა, რეგისტრაციას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, გარდა ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებადი პირებისა; ბ) ადგენს დამფუძნებლების მიმართ მინიმალური კაპიტალის განსაზღვრის წესს; გ) ახორციელებს ზედამხედველობას დამფუძნებელთა საქმიანობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) ამტკიცებს ეკონომიკურ ლიმიტებს; ე) ამოწმებს აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების საქმიანობას; ვ) ახორციელებს საპენსიო სქემების ექსპერტიზას; ზ) ადგენს საპენსიო სქემების მიმართ მოთხოვნებს და ამ სქემების რეგისტრაციის წესებს; თ) ახორციელებს საპენსიო სქემების რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას; ი) აწარმოებს ჩანაწერებს საპენსიო სქემებში ცვლილებების შეტანის ან საპენსიო სქემების შეწყვეტის შესახებ; კ) ახორციელებს დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის შეფასებას; ლ) აკონტროლებს დამფუძნებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესრულებას; მ) ახორციელებს მეთვალყურეობასა და კონტროლს დამფუძნებლის ფინანსური მდგომარეობის განმტკიცების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესრულებაზე; ნ) მონაწილეთა დავალიანების დაფარვის მიზნით სასამართლოში აღძრავს სარჩელს დამფუძნებლის გაკოტრების შესახებ; ო) ადგენს მოთხოვნებს აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის მიმართ; პ) ამტკიცებს საპენსიო დანაგროვთა ინვესტირების და მისი შეზღუდვის წესებს, საინვესტიციო დეკლარაციის მოთხოვნებს, საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების სტრუქტურასა და შემადგენლობას; ჟ) აკონტროლებს / ამოწმებს დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების საქმიანობას; რ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
