Article 95. გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ
1. გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტებისა, ასევე უნდა შეიცავდეს შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესადგენად აუცილებელ ინფორმაციას.
2. პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების, ასევე დაბადების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია საკმარისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაადგინოს მშობლების მონაცემები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეებს შორის არის დავა მშობლების ვინაობასთან დაკავშირებით.
3. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის აუცილებელი მონაცემის დადგენის შეუძლებლობა არ შეიძლება გახდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის საჭირო ცალკეული მონაცემის გარეშე, თუ მისი დადგენა შეუძლებელია საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო ან სხვა მიზეზით.
