საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Article 55. მონაცემთა ბაზის კანონიერი მოსარგებლის უფლებები და მოვალეობები
1. თუ მონაცემთა ბაზა გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის, დამამზადებელს უფლება არა აქვს აუკრძალოს მონაცემთა ბაზის კანონიერ მოსარგებლეს მონაცემთა ბაზის შემცველობის ხარისხობრივად ან/და რაოდენობრივად შეფასებული უმნიშვნელო ნაწილების ამოღება ან/და ხელახალი გამოყენება ნებისმიერი მიზნით. თუ კანონიერ მოსარგებლეს აქვს მონაცემთა ბაზის ნაწილის ამოღების ან/და ხელახალი გამოყენების უფლება, ეს პუნქტი ვრცელდება მხოლოდ ამ ნაწილზე.
2. გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის კანონიერი მოსარგებლის მოქმედება არ უნდა ლახავდეს მონაცემთა ბაზის დამამზადებლის კანონიერ ინტერესებს.
3. გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის კანონიერმა მოსარგებლემ არ უნდა შელახოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელის უფლებები მონაცემთა ბაზაში არსებულ ნაწარმოებთან ან მომიჯნავე უფლების ობიექტთან დაკავშირებით. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198
