საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Article 66^12. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრობის წესები
1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია წევრად მიიღოს უფლების მფლობელი (მათ შორის, იურიდიული პირი), თუ იგი აკმაყოფილებს ამ ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრულ წევრობის მოთხოვნებს. უფლების მფლობელის აღნიშნული ორგანიზაციის წევრად მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეს ორგანიზაცია ვალდებულია წერილობით დაასაბუთოს უარის თქმის მიზეზი.
2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფლების მფლობელის განაცხადი ამ ორგანიზაციის წევრად მიღების შესახებ განიხილოს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში.
3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრობის წესები უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს. ამ ორგანიზაციის წევრობის კრიტერიუმები შეიძლება დარეგულირდეს ამავე ორგანიზაციის წესდებით, აგრეთვე შესაძლებელია დადგინდეს ორგანიზაციის წევრად მიღების სპეციალური წესები, რომლებიც, თავის მხრივ, საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის.
4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდება უნდა ითვალისწინებდეს ეფექტიან და ქმედით მექანიზმებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამ ორგანიზაციის წევრების თანაბარი მონაწილეობა. აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფლებათა სხვადასხვა კატეგორიის წევრების წარმომადგენლების ჩართულობა უნდა იყოს სამართლიანი და დაბალანსებული.
