საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Article 66^4. უფლების მფლობელის გარანტიები ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან მიმართებით
1. უფლების მფლობელი უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას სამართავად გადასცეს საკუთარი უფლება, უფლებათა კონკრეტული კატეგორია. აღნიშნული ორგანიზაცია, თავის მხრივ, ვალდებულია მართოს მისთვის გადაცემული უფლება, უფლებათა კონკრეტული კატეგორია ან ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის სახეობა, თუ იგი/ისინი თანხვედრაშია მისი საქმიანობის ფარგლებთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ორგანიზაცია ობიექტურად დასაბუთებული მიზეზის საფუძველზე უარს იტყვის უფლების მართვაზე. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის შესაბამისად უფლების მართვაზე უარის თქმის საფუძვლები განსაზღვრული უნდა იყოს ამავე ორგანიზაციის წესდებით.
