საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Article 66^14. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო
1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ ამ კანონითა და ამ ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისად განხორციელების კონტროლის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო.
2. უფლებათა სხვადასხვა კატეგორიის მფლობელი ორგანიზაციის წევრები სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილი უნდა იყვნენ სამართლიანად.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ირჩევს საერთო კრება 5 წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება არჩეულ იქნენ პირები, რომელთა პროფესიული გამოცდილება მათ მიერ ეფექტიანი საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრები.
4. სამეთვალყურეო საბჭო ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. სამეთვალყურეო საბჭო სულ მცირე წელიწადში ერთხელ საერთო კრებას წარუდგენს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ვალდებული არიან საერთო კრებას წარუდგინონ ინფორმაცია არსებული ან სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რომელმაც სამომავლოდ შეიძლება შეაფერხოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება.
