1.ყალბი საბანკო ბილეთის, ლითონის მონეტის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით ან გასაღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ; გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე;
3.ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
4.ყალბი საბანკო ბილეთის, ლითონის მონეტის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დასამზადებელი ნებისმიერი სახის საბეჭდი ფორმის, მატრიცის, ქაღალდის, საღებავის და სხვა საგნის ან ნივთიერების უკანონოდ დამზადება, შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა გასაღების მიზნით ან გასაღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლება ყალბი საბანკო ბილეთი, ლითონის მონეტა, ფასიანი ქაღალდი ან ვალუტა , რომლის რაოდენობრივი მაჩვენებელი აღემატება ათი ათას ლარს. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2477 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.395




