პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Article 16. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები
1. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა და ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს ობიექტების სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას.
2. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო: ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გასცემს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვას; ბ) გასცემს სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვას; გ) ახორციელებს ობიექტის რეგისტრაციას ობიექტების უწყებრივ რეესტრში; დ) ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამოუკიდებლად ან აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით ახორციელებს ობიექტის ინსპექტირებას; ე) დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას; ვ) ახორციელებს ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების დოკუმენტურ კონტროლს ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და ინსპექტირების ორგანოების ანგარიშების ანალიზის მეშვეობით; ზ) გასცემს მითითებას ან/და განსაზღვრავს გონივრულ ვადას შეუსაბამობის გამოსწორებისათვის; თ) ხელს უწყობს ამ თავით განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას; ი) ახორციელებს დასახლებათა და სხვა ტერიტორიულ ერთეულთა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავების ხელშეწყობას, მათი განხილვის ორგანიზებას, მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში; კ) აწარმოებს მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას; ლ) შეიმუშავებს სამშენებლო-საპროექტო ნორმებს, წესებს, ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროებში; მ) ახორციელებს პერსონალის გადამზადებას, სწავლებას და ამ მიზნით ატარებს ტრენინგებსა და კურსებს.
