პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Article 19. ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები
1. ობიექტის ადგილზე კონტროლი ხორციელდება ინსპექტირებით.
2. დოკუმენტურ კონტროლს ახორციელებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების დოკუმენტირებული შედეგების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე.
3. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო: ა) არაარსებით შეუსაბამობას იღებს ცნობად და აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში; ბ) არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში აჯარიმებს ობიექტის მფლობელს, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში, განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის და აკონტროლებს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვადის დაცვას. არსებითი შეუსაბამობის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში შეუსაბამობა იძენს კრიტიკული შეუსაბამობის სტატუსს; გ) კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში გამოსცემს ობიექტის ექსპლუატაციის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების (მათ შორის, ობიექტზე ტექნოლოგიურ ი პროცესის, ტექნიკური ნაკეთობის, მექანიზმის, დანადგარის, მოწყობილობის, მათი ნებისმიერი კომბინაციის შეჩერების) შესახებ აქტს, აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში, ობიექტი შეაქვს მონიტორინგის ნუსხაში, აკონტროლებს, რომ დაცულ იქნეს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვადა და არ მოხდეს გაჩერებული ობიექტის ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტის ფარულად ექსპლუატაციის შემთხვევაში აჯარიმებს მის მფლობელს და აჩერებს ობიექტის ექსპლუატაციას (მათ შორის, ტექნოლოგიური პროცესის, ტექნიკური ნაკეთობის, მექანიზმის, დანადგარის, მოწყობილობის, მათი ნებისმიერი კომბინაციის ექსპლუატაციას); დ) ობიექტზე არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ობიექტის მფლობელსა ჯარიმებს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სრული საჯარიმო თანხით; ყველა დანარჩენი მსგავსი ტიპის კრიტიკული ან არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში თითოეულ შეუსაბამობაზე ჯარიმის თანხა ამავე კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სრული საჯარიმო თანხის ნახევარია.
