სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი
Article 11. სურსათის უვნებლობის მოთხოვნები
1. ბაზარზე განთავსებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.
2. დაუშვებელია მავნე სურსათის ბაზარზე განთავსება.
3. სურსათი მავნედ მიიჩნევა, თუ: ა) იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ბ) არ არის მიზანშეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება.
4. სურსათის უვნებლობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის, აგრეთვე პირველადი წარმოების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა; ბ) საბოლოო მომხმარებლის მიერ სურსათის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა; გ) სურსათის (მათ შორის, ცალკეული კატეგორიების სურსათის) მავნე ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად მომხმარებლისათვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია (ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის ჩათვლით) ან მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სხვა ინფორმაცია; დ) სურსათის არა მხოლოდ შესაძლო მეყსეული, ხანმოკლე ან გრძელვადიანი გავლენა მომხმარებელზე, არამედ მისი ეფექტი მომდევნო თაობებზედაც; ე) შესაძლო ტოქსიკური კუმულაციური ეფექტი; ვ) განსაკუთრებული კატეგორიის მომხმარებლის ჯანმრთელობაზე სურსათის ზეგავლენის დონე, თუ ეს სურსათი აღნიშნული კატეგორიის მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი.
