1.I, II და III სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების მიღების ფაქტი დგინდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე.
2.I, II და III სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
3.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დაწესებულება ქმნის საქართველოში ნარკომანიით დაავადებული პირებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების ერთიან საინფორმაციო ბანკს.
4.ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების წესს და იმ სახელმწიფო ორგანოთა და იურიდიულ პირთა სიას, რომლებისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ერთიან საინფორმაციო ბანკში მოთავსებული ინფორმაცია, ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
5.საქართველოში ნარკომანიით დაავადებული პირებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების ერთიან საინფორმაციო ბანკში თავსდება ინფორმაცია საქართველოში ნარკომანიით დაავადებული პირებისა და I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების შესახებ. ბანკში მოთავსებული ინფორმაცია კონფიდენციალურია.
6.ყველა სახელმწიფო ორგანო, იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების მომხმარებელთა, ნარკომანიით დაავადებულ პირთა გამოკვლევას, დიაგნოსტირებას, შემოწმებას, სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარებას, ვალდებულია აწარმოოს მათი აღრიცხვა დადგენილი წესის შესაბამისად და დადგენილ ვადებში მიაწოდოს ინფორმაცია ერთიან საინფორმაციო ბანკს.
7.ანონიმური მომსახურების ან/და მკურნალობის შემთხვევაში ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას უფლება აქვს, ერთიან საინფორმაციო ბანკში ინფორმაცია გააგზავნოს პერსონალური მონაცემების გარეშე. ასეთი მონაცემები არის საექიმო საიდუმლოება, რომლის განსაიდუმლოება ხდება მხოლოდ პაციენტის თანხმობით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8.ნარკომანიით დაავადებული პირის დიაგნოსტირებას ახდენს ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულება კომისიური წესით, არანაკლებ 3 ექიმი-ნარკოლოგის მონაწილეობით, რის შედეგადაც ნარკომანიით დაავადებულ პირზე ორ ეგზემპლარად დგება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სააღრიცხვო ბარათი. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ერთიან საინფორმაციო ბანკს, ხოლო მეორე რჩება დაწესებულებაში. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3064 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1014 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.



