Article 37. ნარკომანიით დაავადებული პირის მკურნალობა
1. ნარკომანიით დაავადებულ პირს მკურნალობა უტარდება ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში დადგენილი სტანდარტის ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად.
2. საკუთარი სახსრებით ნებაყოფლობითი მკურნალობის შემთხვევაში ნარკომანიით დაავადებულ პირს უფლება აქვს, დადგენილი წესით შეინარჩუნოს ანონიმურობა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული პირის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ მკურნალობასთან დაკავშირებული მონაცემები კონფიდენციალურია და მათი მოპოვების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამის დაწესებულებებს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
3. ანონიმური მკურნალობის შემთხვევაში ნარკომანიით დაავადებული პირი ვალდებულია სამედიცინო დაწესებულებას დადგენილი წესით წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი. ამ საბუთის საფუძველზე აღნიშნულ პირს ენიჭება სპეციალური კოდი, რომლის გაშიფვრა ხდება მისი თანხმობით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ პირის იდენტიფიცირება დასაშვებია აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
