1.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია, როდესაც მისი მომხმარებელი – გადამხდელი ახორციელებს: ა) დისტანციურად ონლაინრეჟიმში თავის საგადახდო ანგარიშზე წვდომას; ბ) ელექტრონული გადახდის ოპერაციის ინიციირებას; გ) დისტანციური არხის საშუალებით ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც თაღლითობის ან/და სხვა უკანონო ქმედების რისკის მატარებელია.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ელექტრონული გადახდის ოპერაციის ინიციირებისას საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია განახორციელოს ისეთი ელემენტების ჩართულობით, რომლებიც დისტანციური ელექტრონული გადახდის ოპერაციას დინამიკურად აკავშირებს ოპერაციის კონკრეტულ თანხასა და კონკრეტულ მიმღებთან.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია შემუშავებული და დანერგილი ჰქონდეს შესაბამისი უსაფრთხოების ზომები მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების კონფიდენციალურობისა და მთლიანობის დასაცავად.
4.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები აგრეთვე ვრცელდება გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით ინიციირებულ გადახდის ოპერაციაზე. ამავე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ასევე ვრცელდება ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერის საშუალებით ინფორმაციის მოთხოვნაზე.
5.ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დანერგილი ინტერფეისი: ა) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს უნდა აძლევდეს საშუალებას, დაეყრდნოს ავთენტიფიკაციის ყველა იმ პროცედურას, რომელსაც ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად ახორციელებს მომხმარებლის მიმართ; ბ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს უნდა აძლევდეს საშუალებას, დაეყრდნოს ავთენტიფიკაციის ყველა იმ პროცედურას, რომელსაც ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების შესაბამისად ახორციელებს მომხმარებლის მიმართ.
6.საქართველოს ეროვნული ბანკი სამართლებრივი აქტებით ადგენს: ა) მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის განხორციელების მიმართ მოთხოვნებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად; ბ) ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების მოთხოვნებიდან გამონაკლისებს; გ) მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის უსაფრთხოების ზომები, რათა დაცულ იქნეს მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების კონფიდენციალურობა და მთლიანობა; დ) იდენტიფიკაციის, ავთენტიფიკაციის, შეტყობინებისა და ინფორმაციის გადაცემის მიზნით, აგრეთვე უსაფრთხოების ზომების იმპლემენტაციისთვის ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს, ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს, გადამხდელს, მიმღებსა და სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შორის კომუნიკაციის ერთიანი და უსაფრთხო ღია სტანდარტების მიმართ მოთხოვნებს. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

