ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Article 31^1. საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაცია
1. საბროკერო კომპანიის ლიცენზიის/ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმებისას იწყება სუბიექტის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი. ამ პირზე გადადის სუბიექტის ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა/პარტნიორთა საერთო კრებისა და მმართველი ორგანოს) სრული უფლებამოსილება. სუბიექტის ლიკვიდაციის დაწყებისთანავე წყდება საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის ლიკვიდაცია ხორციელდება ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე.
3. საბროკერო კომპანიის ლიცენზიის/ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმების, სუბიექტის ლიკვიდაციის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. სუბიექტის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება რეგისტრაციის მიზნით იმავე დღეს წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
