1. კომერციული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება მისი ლიკვიდაცია, რომლის მიზანია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაზღვეული დეპოზიტების დაცვა და კრედიტორთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილება. კომერციული ბანკის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. დაუშვებელია ლიკვიდატორად ამ კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირის დანიშვნა. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება მის მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულება.
2. თუ ლიკვიდაციის პროცესში მყოფი კომერციული ბანკი საგადახდო სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი იყო, კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნისთანავე უზრუნველყოს მის მიერ ფუნქციების შესრულების დაწყებამდე საგადახდო სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების შესრულება, საგადახდო სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების დადგენა ან/და ანგარიშსწორების განხორციელება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2 1 . თუ ლიკვიდაციის პროცესში მყოფი კომერციული ბანკი „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშის მწარმოებელი იყო, ლიკვიდატორი ვალდებულია იმოქმედოს იმავე კანონის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
Legal map
Click a node to open
CitationRelated by meaningკომერციული ბანკების სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს სისხლის სა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საგადახდო სისტემისა და…
For information only — not legal advice.
3. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის ვადაში შეადგინოს კომერციული ბანკის აქტივებისა და პასივების ნუსხა და მისი ასლი გადასცეს ეროვნულ ბანკს. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით.
4. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია კომერციული ბანკის აქტივები საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეარჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე ამ აქტივების მოთხოვნის უფლება გადასცეს კომერციული ბანკის კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, ხოლო სესხების ან სხვა საფინანსო აქტივების მოთხოვნის უფლება გადასცეს სხვა კომერციულ ბანკს და ორგანიზება გაუწიოს ამ კომერციული ბანკისთვის ვალდებულებების გადაცემას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას კომერციული ბანკის კრედიტორთა თანხმობა საჭირო არ არის.
6. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია შეწყვიტოს: ა) კომერციული ბანკის თანამშრომლის დაქირავების შესახებ გარიგება; ბ) იმ მომსახურების შესახებ კონტრაქტი, რომლის განხორციელებაშიც კომერციული ბანკი მონაწილეობდა; გ) კომერციული ბანკის, როგორც უძრავი ქონების მოიჯარის, ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს (მეიჯარე 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ კომერციული ბანკი აპირებს, გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება) არა აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც შეთანხმების გაუქმების თარიღისთვის დაირიცხა, და არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად წარმოშობილი ზარალის ანაზღაურებას; დ) კომერციული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია და ის იმავე პირობებით გადაიტანოს სხვა კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში. მისი გადატანისთვის საბანკო გარანტიის ბენეფიციარისა და პრინციპალის თანხმობა საჭირო არ არის. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია საბანკო გარანტიის ბენეფიციარსა და პრინციპალს შეატყობინოს აღნიშნული საბანკო გარანტიის სხვა კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში გადატანის შესახებ.
7. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების/დადებული გარიგებისა და „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამასთან დაკავშირებული ქმედების/გარიგების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს კომერციული ბანკის ლიკვიდატორის დანიშვნის თარიღამდე 1 წლის განმავლობაში, ხოლო თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე ბანკთან დაკავშირებული პირია − 2 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ განხორციელებული ქმედება/დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუკი ამ ქმედებამ/გარიგებამ კრედიტორებს ზიანი მიაყენა. კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ კრედიტორებისთვის ზიანის მისაყენებლად განხორციელებული ქმედება/დადებული გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ იგი კომერციული ბანკის ლიკვიდატორის დანიშვნის თარიღამდე 3 წლის განმავლობაში განხორციელდა/დაიდო.
8. კომერციული ბანკის ლიკვიდატორმა: ა) უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რწმუნებული პირის ყველა ფუნქციის შესაწყვეტად, რომლებსაც დაწესებულება ასრულებდა, დაწესებულების, როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და საკუთრება დაუბრუნოს მათ მესაკუთრეს და განახორციელოს ყველა ანგარიშსწორება რწმუნებული პირის ანგარიშების მიხედვით; ბ) მოთხოვნათა ხასიათისა და თანხის შესახებ შეტყობინება უნდა გაუგზავნოს კომერციული ბანკის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად ყველა მეანაბრეს, დანარჩენ კრედიტორებს, კლიენტებს, რომლებიც კომერციული ბანკის სეიფებში ინახავენ ფასეულობას, აგრეთვე იმ ქონების დეპონენტებს, რომელსაც დაწესებულება განაგებს. ამ შეტყობინებაში აღინიშნება, რომ კლიენტებს შეუძლიათ თავიანთი ფასეულობის მიღება და რომ კომერციული ბანკის ლიკვიდატორისთვის პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია წერილის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში; გ) კომერციული ბანკის მსესხებლებსა და სხვა დებიტორებს უნდა მოსთხოვოს, კომერციული ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებები კომერციული ბანკის ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში დაფარონ. კომერციული ბანკის აქტივების მაქსიმალურად ამოსაღებად კომერციული ბანკის ლიკვიდატორმა ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით უნდა მიაღწიოს იმ მსესხებლებისა და სხვა დებიტორების დავალიანებების რესტრუქტურიზაციას (მათ შორის, პირგასამტეხლოებისა და ჯარიმების პატიებას), რომელთაც არა აქვთ დავალიანებების კომერციული ბანკის ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში სრულად დასაფარავად საკმარისი ფულადი სახსრები და მატერიალური საშუალებები.
9. კომერციული ბანკის ტერიტორიაზე შენახული ქონება, რომელიც გამოთხოვილი არ არის ამონაწერში მითითებულ ვადაში, მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველზე კომერციულ ბანკს ერიცხება, მოუკითხავ რესურსად ითვლება და მესაკუთრის გამოსავლენად ეროვნული ბანკის მფლობელობაში გადადის. მოუკითხავი ფულადი სახსრები ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე ირიცხება.
10. კომერციული ბანკის ლიკვიდაციისას ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება (ფინანსური გირავნობის ღირებულების ფარგლებში), აგრეთვე „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამის კრედიტორებს აქვთ უზრუნველყოფის აქტივებიდან იმავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. 10 1 . კომერციული ბანკის უზრუნველყოფილი კრედიტორის (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს), გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირისა, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით, უზრუნველყოფის ღონისძიების (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უზრუნველყოფის ღონისძიების) რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად. კომერციული ბანკის იმ უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, რომლის მოთხოვნაც უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისი ოდენობის გამო ვერ დაკმაყოფილდა, მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 301-ე მუხლის 1 1 ნაწილის შესაბამისად აისახება ამ მუხლის 10 2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების რიგში. 10 2 . კომერციული ბანკის მიმართ მოთხოვნები, რომლებიც ამ მუხლის მე-10 და 10 1 პუნქტებით გათვალისწინებული არ არის, შემდეგი თანამიმდევრობით უნდა დაკმაყოფილდეს: ა) კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები; ბ) კრედიტორი, რომლის მიმართ სასესხო ვალდებულება კომერციულ ბანკს მისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა, აგრეთვე ეროვნული ბანკი. ამასთანავე, საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც კომერციული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოიშვა, ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკმაყოფილდება; გ) სარეზოლუციო ფონდი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გარდა ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა დაფინანსების ფარგლებში (გარდა სარეზოლუციო ფონდის საშუალებით განხორციელებული დროებითი სახელმწიფო დაფინანსებისა); დ) დაზღვეული დეპოზიტები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოთხოვნები, მათ შორის, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა; ე) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის ანგარიშზე არსებული თანხა, რომელიც აღემატება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებს, მაგრამ არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტისა; ვ) მოთხოვნები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემის სასარგებლოდ; ზ) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის ანგარიშზე არსებული თანხა, რომელიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „დ“−„ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; თ) კომერციული ბანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები, კომერციული ბანკის კაპიტალის 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები, ამ პირების „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედ მესამე პირთა დეპოზიტები, აგრეთვე ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტები; ი) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანებები; კ) კომერციული ბანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები (მათ შორის, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამის კრედიტორების არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები), გარდა ამ პუნქტის „ლ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; ლ) კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ კომერციული ბანკის სასესხო ვალდებულება, გარდა ამ პუნქტის „მ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; მ) კომერციული ბანკის სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის; ნ) კომერციული ბანკის ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებით, გარდა ამ პუნქტის „ო“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; ო) კომერციული ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტები; პ) კომერციული ბანკის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები; ჟ) კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ კომერციული ბანკის სხვა ვალდებულებები.
11. თუ არსებული თანხა ამ მუხლის 10 2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, ყველა სათანადო მოთხოვნა შესაბამისი რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად უნდა დაკმაყოფილდეს.
12. კრედიტორთა ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება კრედიტორთა წინა რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
13. კომერციული ბანკის მეანაბრის მიერ კუთვნილ ფულად სახსრებზე მოთხოვნის კომერციული ბანკის ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობისას ეს ფულადი სახსრები მესაკუთრის გამოსავლენად ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე გადაირიცხება.
14. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად დასასრულებლად კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით კომერციულ ბანკში არსებული ის ანგარიშები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, ლიკვიდაციის პროცესში მყოფ კომერციულ ბანკში აღნიშნული სამართლებრივი შეზღუდვების ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებების არსებული რიგითობის დაცვით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, უცვლელად გადაიტანოს სხვა კომერციულ ბანკში, მიკრობანკში ან/და ეროვნულ ბანკში.
15. იმ აქტივის ამოღების შემთხვევაში, რომელიც კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ამ კომერციული ბანკის აქტივი იყო, იგი ავტომატურად ჩაითვლება ლიკვიდირებული კომერციული ბანკის აქტივად და მისი განკარგვის უფლებას ეროვნული ბანკი იძენს. თუ ლიკვიდირებული კომერციული ბანკის ამოღებული აქტივი ფულადი სახსრებია, ისინი უნდა გადაირიცხოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ლიკვიდირებული ბანკების მოუკითხავი თანხების ანგარიშზე და განაწილდეს ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის დაცვით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. კომერციული ბანკის არაფულადი მატერიალური აქტივის ამოღების შემთხვევაში მის განსაკარგავად ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება ამოღებული არაფულადი მატერიალური აქტივის ლიკვიდირებული კომერციული ბანკის ვალდებულებათა დასაკმაყოფილებლად განკარგვის წესი. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5682 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2115 – ვებგვერდი, 16.12.2022წ. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2115 – ვებგვერდი, 16.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2603 − ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3729 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3950 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.