სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Article 18^3. აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრება აღსრულების ეროვნულ ბიუროში
1. სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება.
2. საჩივარი შეიტანება აღსრულების ეროვნულ ბიუროში. მასში უნდა აღინიშნოს: ა) საჩივრის შემტანის ვინაობა/დასახელება, საიდენტიფიკაციო მონაცემები, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) სააღსრულებო წარმოების საქმის რეკვიზიტები: სააღსრულებო საქმის ნომერი, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, სააღსრულებო წარმოების მხარეები; გ) იმ აღმასრულებლის ვინაობა, რომლის მოქმედებაც საჩივრდება; დ) გასაჩივრებული მოქმედების შინაარსი; ე) საჩივრის შემტანის მოთხოვნა, მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები; ვ) საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ საჩივარს დაერთვის რაიმე დოკუმენტი; ზ) საჩივრის შეტანის თარიღი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. 2 1 . საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით, უნდა უპასუხებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს .
