არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Article 4. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის განმარტება და მსჯავრდებულის გამოცხადება
1. თუ სასამართლოს მიერ მიღებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი ბუნდოვანია ან შეიცავს რაიმე უზუსტობას, პრობაციის ბიუროს უფროსი აქტის გაუგებარი ან არაზუსტი ნაწილის განმარტების თხოვნით მიმართავს სასამართლოს.
2. პრობაციის ბიუროს უფროსი სასამართლოს მიერ მიღებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყებისა და დამთავრების შესახებ წერილობით აცნობებს სასამართლოს.
3. თუ მსჯავრდებული არ ცხოვრობს სასამართლოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტში მითითებულ მისამართზე, პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად გადაუგზავნის აქტის მიმღებ სასამართლოს.
4. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა, მსჯავრდებული ვალდებულია გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებაში მის უფლება-მოვალეობათა გასაცნობად. მსჯავრდებულისათვის ამ უფლება-მოვალეობების გაცნობის შესახებ პრობაციის ოფიცერი ადგენს სათანადო ოქმს.
