1.დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას.
2.დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.
3.დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებაში მითითებული მტკიცებულებების შესაბამისი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს დედნის ან/და დამოწმებული ასლების სახით.
4.დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ განცხადება წარმომადგენელს შეაქვს.
5.დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების შეტანისას აპლიკანტი იხდის სააპლიკაციო საფასურს. აპლიკანტი სააპლიკაციო საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სააპლიკაციო საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით .
6.თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას, აპლიკანტმა საგარანტიო თანხის სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე უნდა შეიტანოს ამ კანონით გათვალისწინებული აღსრულების წინასწარი საფასური. აღნიშნული საფასურის გადახდაზე არ ვრცელდება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები.
7.თუ აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას, მან უნდა მიუთითოს რესპონდენტის ქონება, ქონების საიდენტიფიკაციო მაჩვენებლები და გადაიხადოს ასეთი ღონისძიებისათვის განსაზღვრული საფასური. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.






