1.ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ხელშემწყობ პირებს სახელმწიფო იცავს.
2.თუ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის ხელშეწყობის გამო ცალკეულ პირებს, ასევე მათი ოჯახების წევრებს, ახლობლებს შეექმნებათ სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის რეალური საფრთხე, ეს ორგანოები ვალდებულნი არიან მიიღონ საჭირო ზომები ასეთი მოქმედების თავიდან ასაცილებლად, ბრალეული პირების დასადგენად და პასუხისგებაში მისაცემად.
3.ცნობები იმ პირთა შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურ საფუძველზე თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მათი გაცემა შეიძლება მხოლოდ ამ პირთა ან მათი მემკვიდრეების წერილობითი თანხმობით ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4.პირს, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობს, აქვს გასამრჯელოს მიღების უფლება.
5.პირს, რომელმაც თანხმობა განაცხადა კონტრაქტის საფუძველზე ითანამშრომლოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, სახელმწიფო აძლევს გარანტიას, რომ შესრულდება კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებანი.
6.ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან კონტრაქტის საფუძველზე მოქალაქეთა თანამშრომლობის პერიოდი, როგორც ძირითადი საქმიანობა, შედის მათ შრომით სტაჟში. აღნიშნულ პირებს აქვთ საპენსიო უზრუნველყოფის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7.საჭიროების შემთხვევაში პირის, რომელიც თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, ასევე მისი ოჯახის წევრების უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით ტარდება მათი დაცვის სპეციალური ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8.თუ პირი, რომელიც კონტრაქტით თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, დაიღუპა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში მონაწილეობისას, დაღუპულის ოჯახსა და მის კმაყოფაზე მყოფთ შესაბამისი ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევათ ერთდროული შემწეობა დაღუპულის ათი წლის ხელფასის ოდენობით და კანონით დადგენილი წესით ენიშნებათ პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო.
9.თუ პირმა, რომელიც კონტრაქტით თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში მონაწილეობისას დაჭრის, კონტუზიის ან დასახიჩრების შედეგად მიიღო ტრავმა, რომელიც გამორიცხავს ამ ორგანოებთან მისი შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობას, მას შესაბამისი ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემა ერთდროული შემწეობა 5 წლის ხელფასის ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნულ პირს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის გავლის შედეგად დაენიშნება ის სოციალური პაკეტი, რომლის დანიშვნის საფუძვლადაც საქართველოს კანონმდებლობით პირისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენაა გათვალისწინებული.
10.პირი, რომელიც კონტრაქტით თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან და დადგენილი წესით ჩართულია დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში დანაშაულის გახსნისა და მისი ჩამდენი პირების დადგენის მიზნით, თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამ დროს არ ჩაიდინა ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაული ან მის ქმედებას მნიშვნელოვანი ზიანი არ მოჰყოლია. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №850– ვებგვერდი, 03.07.2025წ. თავი V ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა





