„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 7. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვება და შეწყვეტა
1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს.
2. განცხადებას უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის რეგისტრაციის ფაქტი და განმცხადებლის უფლებამოსილება; ბ) საჭიროების შემთხვევაში – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან/და ქონებაზე საკუთრების უფლება; გ) წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ურთიერთვალდებულებებისა და უფლებების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ამ კოოპერატივის მიერ აღნიშნული მეპაიისთვის გასაწევი მომსახურების სახეობა და ღირებულება, პაის ოდენობა და სხვა პირობები.
3. თუ კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიმართავს შუამდგომლობით აღნიშნული იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ.
