Article 11. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება
1. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომ – აკრედიტაციის ცენტრი) მიერ შესაბამის სფეროში აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრებში (შემდგომ – ინსპექტირების ცენტრი).
2. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ ინსპექტირების ცენტრში, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის ან პირის იურიდიული მისამართის მიუხედავად.
3. ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
4. ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
5. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები, მისი პერიოდულობა და საფასურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
6. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები შეიცავს ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებთან შესაბამისობის დასადგენადაც ტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ მისი გავლის დადასტურების ფორმას, პერიოდულობას და საფასურს სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის.
