Article 4. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბენეფიციარი – სოციალური დახმარების მიმღები; ბ) თავშესაფარი – სოციალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს უსახლკარო პირებს ღამის სათევითა და საკვებით; გ) რეინტეგრაცია – სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული პირის ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან (მზრუნველთან) საცხოვრებლად დაბრუნება; დ) მინდობით აღმზრდელი − დედობილი/მამობილი, რომელიც სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე იმ პირის თავისთან ცხოვრებას და მასზე ზრუნვას, რომელიც მისი ოჯახის წევრი არ არის; ე) მინისტრი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; ვ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს; ზ) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახური; თ) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ი) სოციალური დახმარება – ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის; კ) სოციალური დახმარების სისტემა – სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ორგანიზებული ან/და მისი მეთვალყურეობით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის, ღატაკი ოჯახის ან უსახლკარო პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ; ლ) სოციალური მომსახურება – საქმიანობა, რომლის მიზანია არაფულადი სოციალური დახმარების მეშვეობით სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის, ღატაკი ოჯახის ან უსახლკარო პირის სპეციფიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; მ) სოციალური მომსახურების მიმწოდებელი – ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრული წესით უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების მიწოდებას; ნ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი; ო) სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირები: ო.ა) ობოლი და მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვები; ო.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ო.გ) ოჯახის მზრუნველობამოკლებული, თვითმომსახურების შეზღუდული უნარის მქონე სრულწლოვანი; ო.დ) მარჩენალდაკარგული; ო.ე) მიუსაფარი ბავშვი; პ) პრევენცია – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს პირის ოჯახურ გარემოში აღზრდ ის უპირატესი უფლების დაცვას და მისი მშობელთა მზრუნველობამოკლებულად ცნობისთვის თავის არიდებას; ჟ) უსახლკარო პირი – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო; რ) ღატაკი ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები პირი ან პირთა წრე, რომელიც ეწევა ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დონეზე ნაკლებია; ს) შეფასების სისტემა – სისტემა, რომლის მეშვეობითაც ფასდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დგინდება მისი კეთილდღეობის დონე; ტ) მინდობით აღზრდა − სახელმწიფო ზრუნვის ფორმა, რომელიც მიახლოებულია ოჯახურ ზრუნვასთან, მიზნად ისახავს მინდობით აღსაზრდელის მოვლასა და აღზრდას და ხორციელდება სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე; უ) მინდობით აღსაზრდელი – სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მინდობით აღმზრდელისთვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემული პირი; ფ) შინასამეურნეო საქმიანობა – ოჯახის სასიკეთოდ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვებასა და ერთობლივ განკარგვა-განაწილებას ; ქ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი – პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ღ) მარჩენალდაკარგული – ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე; ყ) მიუსაფარი ბავშვი − ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვანი ან/და ქუჩაში მომუშავე არასრულწლოვანი, რომელიც ასეთად იდენტიფიცირებულია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის მიერ, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად. საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3441-სსმI, №42, 22.07.2010წ., მუხ.265 საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი № 5447 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №747 - ვებგვერდი, 24.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3082 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6889 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
