სავალდებულო ეგზემპლარებს განეკუთვნება დოკუმენტების შემდეგი სახეობები: ა) ბეჭდური დოკუმენტები (ტექსტური – წიგნები, ბროშურები, ჟურნალები, გაზეთები, სანოტო გამოცემები, გეოგრაფიული რუკები, ატლასები და სხვ.; გაგრძელებადი გამოცემები – შრომები, ალმანახები, წელიწდეულები; ფურცლოვანი გამოცემები – აფიშები, ბუკლეტები, პროგრამები და სხვ.; სახვითი გამოცემები – პლაკატები, ესტამპები, რეპროდუქციების კომპლექტები, კალენდრები, ეტიკეტები, საფოსტო ბარათები, ფილატელიური კატალოგები და სხვ.), რომლებმაც გაიარა სარედაქციო-საგამომცემლო დამუშავება, პოლიგრაფიულად დამოუკიდებლადაა გაფორმებული და ახლავს სარედაქციო გამოსასვლელი ცნობები; ბ) უსინათლოთათვის და სუსტი მხედველობის მქონეთათვის განკუთვნილი გამოცემები – გამოცემები, დამზადებული რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტით, ბრაილის სისტემის მიხედვით, რელიეფურ-გრაფიკული გამოცემები, ხმოვანი წიგნები, მსხვილშრიფტიანი გამოცემები სუსტი მხედველობის მქონეთათვის, ელექტრონული გამოცემები უსინათლოთათვის (ადაპტირებული გამოცემები ბრაილის დისპლეისა და მეტყველების სინთეზატორის გამოყენებით); გ) აუდიოვიზუალური ნაწარმოებები – კინო-, ვიდეო-, ფონო-, ფოტოპროდუქცია და მათი კომბინაციები, შექმნილი და რეპროდუცირებული ინფორმაციის ნებისმიერ მატარებელზე; დ) ელექტრონული გამოცემა – ელექტრონული დოკუმენტი, რომელმაც გაიარა სარედაქციო-საგამომცემლო დამუშავება, ახლავს გამოსასვლელი ცნობა და რომლის ტირაჟირება და გავრცელება ხორციელდება ელექტრონული საშუალებით; ე) გამოუცემელი დოკუმენტები – დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს სამეცნიერო-კვლევით, საცდელ-საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიურ ნაშრომებს (დისერტაციები, ავტორეფერატები, დეპონირებული სამეცნიერო შრომები); ვ) კომბინირებული დოკუმენტები – მულტიმედია – დოკუმენტების ერთობლიობა, შესრულებული ინფორმაციის სხვადასხვა მატარებელზე (ბეჭდური, აუდიოვიზუალური, ელექტრონული); ზ) საფოსტო მარკები. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №659 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ
Article 5. დოკუმენტების სახეობები, რომლებიც სავალდებულო ეგზემპლარებს განეკუთვნება
Consolidation №8 Verified against the current consolidation · 6 Feb 2025

