Article 205. შეტყობინება დარიცხულ საბაჟო ვალდებულებებზე
1. შეტყობინება არის საბაჟო ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც წარედგინება ვალდებულ პირს. შეტყობინების შესრულება სავალდებულოა ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. საბაჟო ორგანო ვალდებულია ვალდებულ პირს წარუდგინოს შეტყობინება, თუ დადგინდა საბაჟო ვალდებულების არსებობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბაჟო ვალდებულების წარმოშობის საფუძველი არის მხოლოდ საბაჟო დეკლარაცია და გადახდას დაქვემდებარებული გადასახდელების თანხა დეკლარირებულია საბაჟო დეკლარაციაში და ეს თანხა შეესაბამება საბაჟო ორგანოს მიერ გაანგარიშებულ გადასახდელის თანხას.
3. შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს: ა) საბაჟო ორგანოს დასახელება და მისამართი; ბ) შეტყობინების გაგზავნის (გადაცემის) თარიღი; გ) ვალდებული პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი; დასახელება, მისამართი); დ) ვალდებული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი (მისი არსებობის შემთხვევაში); ე) მისი წარდგენის საფუძველი საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობის აქტის იმ ნორმაზე მითითებით, რომლის თანახმადაც მოხდა საბაჟო ვალდებულებების დარიცხვა ან რომელიც დაარღვია ვალდებულმა პირმა; ვ) მისი შინაარსი (დაბეგვრის ობიექტი, დარიცხული გადასახდელის, საურავისა და ჯარიმის ოდენობა, საურავის დაწყების დღე, ამ მოთხოვნის შესრულების ვადა, გადახდის წესი); ზ) ვალდებული პირის უფლებები და მოვალეობანი (მათ შორის, შეტყობინების გასაჩივრების წესი); თ) მისი შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება ვალდებული პირის მიმართ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.
