1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის მომენტიდან ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას. საბაჟო ორგანო ახორციელებს ასეთი საქონლის, მასთან დაკავშირებული პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და დოკუმენტების საბაჟო კონტროლს. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა ხორციელდება საბაჟო პროცედურების დაცვით.
2.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისთვის საბაჟო სტატუსის მინიჭებამდე, შეცვლამდე, მის თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში მის გადატანამდე, საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტამდე ან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურებამდე.
3.თუ საქონელი უკანონოდ გადის საბაჟო ზედამხედველობიდან ან საბაჟო ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის უკანონოდ გასვლაზე და ამ კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ ვალდებულ პირებს არ შეუძლიათ, საბაჟო ორგანოს დაუმტკიცონ ამ საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გასვლის კანონიერება, ვალდებულმა პირებმა საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის უკანონოდ გასვლის აღმოჩენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს წარმოშობილი საბაჟო ვალდებულება.
4.საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5.თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევებში საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
6.თუ წარმოიშვა ეჭვი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის უკანონოდ შემოტანაზე ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე დეკლარირებული მონაცემების უტყუარობაზე, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, მტკიცებულებად ჩათვალოს დოკუმენტი ან დეკლარაცია, რომელიც გაცემულია სხვა ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ და ადასტურებს საქართველოში შემოტანის მიზნით ამ ქვეყნიდან საქონლის გატანის რეგისტრაციას.




