ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 და 143 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის თანხმობას მის წინასწარგანზრახულ ექსპლუატაციაზე მნიშვნელობა არ ენიჭება; ბ) შანტაჟი – პირის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე მოქმედება მისთვის ან მისი ახლობლებისათვის სახელის გამტეხი ან სხვა საზიანო ცნობების გახმაურების მუქარით; გ) უმწეო მდგომარეობა – მდგომარეობა, როდესაც პირი სხვა პირზე მატერიალურად ან სხვაგვარად არის დამოკიდებული, როდესაც პირს შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ შეუძლია რეალურად შეაფასოს არსებული ვითარება, როდესაც პირს არ გააჩნია სხვა რეალური საშუალება, გარდა იმისა, რომ დაემორჩილოს მის მიმართ გამოყენებულ ძალადობას; დ) ექსპლუ ატაცია – დამნაშავის მიერ მატერიალური ან სხვაგვარი სარგებლის მიღების მიზნით: დ.ა) შრომის ან მომსახურების გაწევის იძულება; დ.ბ) სექსუალური მომსახურების გაწევის იძულება; დ.გ) პირის დანაშაულებრივ საქმიანობაში, პროსტიტუციაში, პორნოგრაფიაში ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმა; დ.დ) ადამიანის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის იძულებით ან მოტყუებით ამოღება, გადანერგვა ან სხვაგვარად გამოყენება; დ.ე) ადამიანის მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება; ე) იძულებითი შრომა – ნებისმიერი სამუშაო ან მომსახურება, რომელიც მიიღება პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულებით, მის მიმართ მუქარის, შანტაჟის ან მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით; ვ) სექსუალური ექსპლუატაცია – პირის ჩაბმა პროსტიტუციაში, სხვა სახის სქესობრივ მომსახურებაში ან პორნოგრაფიული მასალის წარმოებაში მის მიმართ მუქარის, ძალადობის, იძულების, შანტაჟის ან მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან სამუშაოს ხასიათისა და პირობების შესახებ ყალბი ინფორმაციის მიწოდებით; ზ) მონობის მსგავსი მდგომარეობა – „მონობის, მონათვაჭრობისა და მონობის მსგავსი ინსტიტუტებისა და ჩვეულებების გაუქმების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1956 წლის 7 სექტემბრის დამატებითი კონვენციით განსაზღვრული პირის სტატუსი ან მდგომარეობა; თ) ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება − ადამიანისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნა, როდესაც ის ანაზღაურებით, არაადეკვატური ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე, სხვა პირის სასარგებლოდ ასრულებს სამუშაოს ან ეწევა მომსახურებას და მას არ შეუძლია ამ გარემოების შეცვლა ამ პირზე დამოკიდებულების გამო. პირზე დამოკიდებულება შეიძლება გამოწვეული იყოს, მათ შორის: თ.ა) პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩამორთმევით, კონტროლით ან განზრახ ხელყოფით; თ.ბ) თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვით ან თავისუფალი გადაადგილების კონტროლით; თ.გ) ოჯახის წევრთან ან სხვა პირთან კომუნიკაციის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტის, შეზღუდვით ან კონტროლით; თ.დ) იძულებითი ან დამაშინებელი გარემოს შექმნით; ი) ადამიანით მოვაჭრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული; კ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი – პირი, რომელსაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ მიჩნეულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად; ლ) წარმოშობის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის მოქალაქე ან რომელში მუდმივად მცხოვრები პირი არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი; მ) დანიშნულების სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზედაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს უწევენ ექსპლუატაციას; ნ) ტრანზიტის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის ტერიტორიის გავლითაც ხორციელდება ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი); ო) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი, რომლის მიზანია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა სახის მომსახურება მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის, რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის მიზნით; პ) დაზარალებული – პირი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ცნობილია დაზარალებულად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ჟ) არასრულწლოვანი – პირი, რომლის ასაკი არ აღემატება 18 წელს. საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6012 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2474 - ვებგვერდი, 04.06.2014წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6824 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
Article 3. ტერმინთა განმარტება
Consolidation №19 Verified against the current consolidation · 2 Apr 2025




