Article 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფერო – ამ წესის მიზნებისათვის, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და აღწარმოების, ნარჩენების რეგულირების, ქიმიური უსაფრთხოების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვების (მათ შორის ეკოლოგიური ექსპერტიზის) სფერო; ბ) რეგულირების ობიექტი – ფიზიკური და იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი (მათ შორის საქმიანობის სუბიექტი), სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელზეც ვრცელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მოთხოვნები; გ) დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე, რომელიც წარმოადგენს დეპარტამენტს და დეპარტამენტის სახელით უფლებამოსილია განახორციელოს პატრულირება ან ინსპექტირება; დ) ინსპექტირების განმახორციელებელი პირი - დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ან სხვა პირები, გარდა რეგულირების ობიექტის წარმომადგენლისა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს რეგულირების ობიექტის ინსპექტირებაში; ე) სახელმწიფო კონტროლი – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, რომლებიც მოიცავს ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილების (პრევენციული) ღონისძიებების განხორციელებას, ამ მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგს, რეგულირების ობიექტის ინსპექტირებასა და დარღვევებზე რეაგირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას; ვ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგი – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე ინფორმაციის მოპოვება (შეგროვება), ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ანგარიშგების უწყვეტი შეგროვება და სისტემატური ანალიზი; ზ) ინსპექტირება – რეგულირების ობიექტის საქმიანობის ადგილზე დათვალიერება, შემოწმება და შესაბამისი რეაგირება; თ) დათვალიერება – რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოსაპოვებლად ვიზუალური დათვალიერება/შესწავლა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც შემოწმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების, ისე შესაბამისი რეაგირების ზომების მისაღებად; ი) შემოწმება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმება დადგენილი წესის შესაბამისად; კ) ადმინისტრაციული მიწერილობა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგულირების ობიექტის საქმიანობის დათვალიერების, შემოწმების ან მათი ანგარიშგების და სხვა პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე, ასევე მათ საფუძველზე დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც აცნობებს რეგულირების ობიექტს, რომ მითითებულ ვადაში აღმოფხვრას გამოვლენილი დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან, რომელთა შეუსრულებლობაც გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის პასუხისმგებლობას.
